ახალი ამბები

გახარიას თქმით, დებატები პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისად შედგება

7 ოქტომბერი, 2020 • 1014
გახარიას თქმით, დებატები პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისად შედგება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პარტიული დებატები შედგება და ამასთან დაკავშირებულ დეტალებს პარტია გადაწყვეტს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი.

ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრის ჰკითხა, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძესთან ერთად დებატებში, რაზეც გახარიამ უპასუხა:

“საერთოდ, პოლიტიკური დებატები, მათ შორის პარტიული დებატები, საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და, რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული. ეს საუბარია პარტიულ დებატებზე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამისთვის მე ფიზიკურად დრო არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი. პარტიული დებატები იქნება. მე არასდროს გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას. არავისგან… მით უმეტეს, ამ ბატონებისგან”, – განაცხადა გახარიამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრი დებატებში გამოიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამართული კენჭისყრით დადგინდა, რომ “სტრატეგია აღმაშენებელს” და “ქართულ ოცნებას” შორის სატელევიზიო დებატები უნდა შემდგარიყო, მას შემდეგ ვაშაძემ რამდენჯერმე შეახსენა გახარიას დებატების შესახებ და 15 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოიწვია.

რაც შეეხება ხაზარაძეს, მამუკა ხაზარაძემ დებატებში გამოიწვია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, პოლიტიკური პარტია „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც, შესაძლოა სახელისუფლებო კანდიდატისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმვილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. შესაბამისი კანონპროექტი „ლელოს“ ლიდერებმა, კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი