ახალი ამბები

ხაზარაძე ივანიშვილს დებატებში იწვევს

24 სექტემბერი, 2020 • 851
ხაზარაძე ივანიშვილს დებატებში იწვევს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატებში იწვევს.

დღევანდელ ბრიფინგზე ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა დღეს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, რაზეც პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. „ლელო“ კი მზადაა, დებატებში მმართველი პარტიის ნებისმიერ ლიდერს შეხვდეს, განსაკუთრებით კი, ბიძინა ივანიშვილს.

ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ სანამ ქვეყანა დღეს არსებულ კრიზისში შევიდოდა, „ლელომ“ ხელისუფლებას შესთავაზა ზიანის შემცირების რამდენიმე ფორმულა, მათ შორის, სამუშაო ადგილებისა და ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ ვიცით, როგორ დავასრულოთ ლარის ვარდნა და როგორ დავასტაბილუროთ ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, როგორ შევუნარჩუნოთ ქართულ ბიზნესს და, შესაბამისად, მასში მომუშავე ადამიანებს სამუშაო ადგილები. ამიტომ მოგმართავთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარევ, ბიძინა ივანიშვილო : ნებსიმიერ საჯარო ადგილას, ნებისმიერ ტელევიზიაში, გამოდით – თუ თქვენ ამბობთ, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და დემოკრატიას ვაშენებთ – გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები.

დებატები არა იმისთვის – ვინ ვის აჯობებს, არამედ იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავანახოთ, სად არის გადარჩენის გზა. სად არის ის ფორმულა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც თქვენ შეიყვანეთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი