ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში გვემუქრებიან სამშვიდობო მანიფესტის ხელმომწერებს – ბაჰრუზ სამადოვი

7 ოქტომბერი, 2020 • 1568
აზერბაიჯანში გვემუქრებიან სამშვიდობო მანიფესტის ხელმომწერებს – ბაჰრუზ სამადოვი

აქტივისტი და ავტორი ბაჰრუზ სამადოვი ტვიტერზე წერს, რომ აზერბაიჯანში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სამშვიდობო მანიფესტს ყარაბაღში საომარი მოქმედებების წინააღმდეგ, ემუქრებიან.

საუბარია მულტიეთნიკური პლატფორმა Caucasus Talks-ის („საუბრები კავკასიაზე“) გავრცელებულ სამშვიდობო განცხადებაზე მთიანი ყარაბაღის გარშემო განახლებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერს არაერთი მოქალაქე (მათ შორის არაერთი სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი თუ აკადემიური სივრცის წარმომადგენელი) სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ნახეთ სამშვიდობო განცხადება:

„სანამ შენ ამას კითხულობ, ყარაბაღში და მის გარშემო ადამიანები იხოცებიან. ახალგაზრდა ბიჭები და კაცები ერთმანეთს კლავენ. გამოსავალი არ ჩანს.

ამ ომს, საღ აზრთან ერთად, ზრდასრული ადამიანები და ბავშვები ეწირებიან.

ეს ბრძოლა მთელი სამხრეთ კავკასიისთვის წამგებიანია.

თუ დღეს ეს ომი შენ არ გეხება, მისი შედეგები ხვალ შენთანაც მოვა.

ომი კონფლიქტს ვერასოდეს გადაჭრის. ის მხოლოდ თავის ბნელ და დაუსრულებელ მანკიერ წრეში დაგვტოვებს.

მშვიდობის დაცვა არ არის ნეიტრალური პოზიცია. ჩვენ უარვყოფთ ომით გამოწვეულ მილიტარისტულ პოზიციებს და ვეძებთ გზებს მშვიდობის დასამყარებლად.

მიმდინარე ომი გვიახლებს წარსულის ტრავმებსა და ჭრილობებს. ის არ კურნავს მათ, მხოლოდ ახალ იარებს აჩენს.

ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. მას მხოლოდ უბედურება, სიკვდილი, სიღარიბე და დამოუკიდებულობის დაკარგვა მოაქვს მთელი კავკასიისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ გარე ძალებს, რომ არ წააქეზონ შემდგომი შეტაკებები და არ მიიღონ მონაწილეობა ომის წარმოებაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას, რომელშიც კონფლიქტის ყველა, სომხური და აზერბაიჯანული მხარე ჩაერთვება“.

განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია ბაჰრუზ სამადოვი — ამავე დროს, თანაავტორი კიდევ ერთი მანიფესტისა, რომელიც 9 აზერბაიჯანელმა მემარცხენე აქტივისტმა გაავრცელა. გარდა ამისა, ბაჰრუზ სამადოვმა გამოცემა OC Media-სთვის დაწერა საავტორო სვეტი, სათაურით „მშვიდობის დასაცავად – ყველაფრის მიუხედავად“, სადაც ასევე საომარ რიტორიკას აკრიტიკებს.

„იმ ადამიანებმა აზერბაიჯანში, ვინც Caucasus Talks-ის სამშვიდობო განცხადებას მოვაწერეთ ხელი, სერიოზული მუქარები მივიღეთ ფეისბუკზე. ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი ნიშანია“, – დაწერა ბაჰრუზმა ტვიტერზე 7 ოქტომბერს.

ამ დროისთვის [7 ოქტომბერი] განცხადებას 60-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს აზერბაიჯანიდან.

დამკვირვებლები და ექსპერტები ხშირად საუბრობენ მზარდ მილიტარისტულ, მტრულ განწყობებზე ორივე ქვეყანაში;

მსგავსი რიტორიკა განსაკუთრებით გამოიკვეთა აზერბაიჯანში — 2020 წლის ივლისში ყარაბაღში რამდენიმედღიანი დაპირისპირებების პარალელურად გაიმართა მრავალათასიანი აქცია, სადაც დემონსტრანტებმა არმიის სრული კონტიგენტის ჩართვა მოითხოვეს სომხეთთან დაპირისპირებაში.

აქტივისტების მცირე ჯგუფი საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც ანტისაომარი განცხადებების გაკეთებას სდევს თან. მაგლაითად, 29 სექტემბერს ბაქოში პოლიციამ დააკავა ცნობილი აზერბაიჯანელი ანარქისტი აქტივისტი ქიას იბრაჰიმი, რომელიც ხშირად გამოდის ომის რიტორიკის წინააღმდეგ და ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგაც იმავე პოზიციას საჯაროდ აფიქსირებდა.

წინა დღეს ის წერდა: „მე ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ პრინციპებსა და იდეოლოგიას მისდევს, მე ვაკეთებ იმას, რისიც მწამს. მე ომის წინააღმდეგი ვარ და არ შემიძლია კლავიატურას ამოფარებულმა [ვწერო] ვითომ პატრიოტული წერილები, როცა იქ ხალხი იხოცება“…

გირჩევთ, წაიკითხოთ:

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი