ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო ერევანს ნავთობსადენის მიზანში ამოღებაში სდებს ბრალს, ერევანი უარყოფს

6 ოქტომბერი, 2020 • 1206
ბაქო ერევანს ნავთობსადენის მიზანში ამოღებაში სდებს ბრალს, ერევანი უარყოფს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა. სომხეთი უარყოფს ნავთობსადენის მიზანში ამოღებას.

აზერბაიჯანის პროკურატურის თანახმად, სომხეთის არმიამ დღეს საღამოს, 21:00 საათისთვის, მიზანში ამოიღო სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენი და მისი მიმართულებით, ქალაქ იევლახისკენ, კასეტური იარაღი გამოიყენა;

ამასთან, პროკურატურის თანახმად, აზერბაიჯანულმა არმიამ „თავდაცვითი ზომების გამოყენებით ეს ტერორისტული მცდელობა აღკვეთა“.

ილჰამ ალიევის წარმომადგენელმა ჰიკმეთ ჯაჰიევმა ტვიტერზე დაწერა, რომ „სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ესროლა კლასტერული რაკეტა“, თუმცა თავდასხმის შედეგად ნავთობსადენი არ დაშავებულა. მისი თქმით, „მცირე კასეტური ბომბები [რისგანაც რაკეტა შედგება] 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა ნავთობსადენისგან“ და განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ბრალდებას უპასუხა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანესიანმა, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა:

„აზერბაიჯანული მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხური შენაერთები, სავარაუდოდ, ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაზიანებას, თავხედური ტყუილია“.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიზანში არ ვიღებთ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას, მაგრამ განურჩევლად ადგილმდებარეობისა, განადგურდება ყველა სამხედრო ობიექტი, სამიზნე, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის [ყარაბაღის სომხური დასახელება] მიმართულებით“, — აცხადებს ჰოვანესიანი.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ერთ-ერთი უგრძესი ნავთობსადენია მსოფლიოში, რომელსაც ნავთობი გადააქვს კასპიის ზღვიდან/აზერბაიჯანიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე, თურქეთის ქალაქ ჯეიჰანში, ბაქოსა და თბილისის გავლით.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კვლავ ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

ცოტა ხნის წინ ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებების დასაწყებად წინაპირობები წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია უნდა დატოვოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.

თავის მხრივ, სომხეთი მოლაპარაკებების დაწყებას 1994-1995 წლების შეთანხმებების პირობებში ითხოვს, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელია.

გირჩევთ:

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

4 სისტემური ცვლილება ყარაბაღის კონფლიქტში

მასალების გადაბეჭდვის წესი