თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად“ ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს საქართველოში 2-3 კვირაში შემოიტანენ. მისი თქმითვე, სავარაუდოდ, ამავე დროში ჩამოვა მონოკლონური ანტისხეულებიც.
რემდესივირი
კორონავირუსის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა „ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“ და, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში „საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში, ალბათ, პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, რემდესევირს“.
როგორც ცერცვაძემ 6 ოქტომბრის საღამოს ჟურნალისტებს განუცხადა, რემდესივირი ჯერჯერობით „არაა დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს“, თუმცა სხვა მედიკამენტებთან შედარებიტ ყველაზე იმედის მომცემად ითვლება, — „იმდენად, რომ ამერიკაში ეს მედიკამენტი ჯერ საკმარისი რაოდენობით არ უწარმოებიათ და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა, ისე, რომ ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ“.
„ევროპის ქვეყნები და ჩვენ ვცდილობთ, რაღაც გზებით მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. ორ-სამ კვირაში „რემდესევისი“, ალბათ, შემოვა და ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობას, რაც ისედაც მცირეა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მონოკლონური ანტისხეულები
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძრვანელმა ასევე განაცხადა, რომ კოვიდის წინააღმდეგ უკვე შექმნილია მონოკლონური ანტისხეულები, რომელთა გამოცდაც დაიწყო აშშ-სა და „რამდენიმე წამყვან ქვეყანაში“, ხოლო წამყვანი ამერიკელი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის რეკომენდაციით, „საქართველოს მიეცა საშუალება, რომ კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებში ყოფილიყო“.
„ახლა ტრენინგები მიმდინარეობს გამოყენების შესახებ და ორ-სამ კვირაში მოგვაწვდიან“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.
ცერცვაძემ განმარტა, რომ მონოკლონური ანტისხეულები სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება: „ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას“.