ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty: ჩვენი დასკვნით, აზერბაიჯანულმა ძალებმა კასეტური იარაღი გამოიყენეს ყარაბაღში

6 ოქტომბერი, 2020 • 928
Amnesty: ჩვენი დასკვნით, აზერბაიჯანულმა ძალებმა კასეტური იარაღი გამოიყენეს ყარაბაღში

6 ივნისი, განახლება: „ამენსტის“ ბრალდებას აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა უპასუხა. ნახეთ ვრცად ამ ბმულზე


Amnesty International („ამნესტი“) აცხადებს, რომ ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნით, აზერბაიჯანულმა ძალებმა სტეფანაკერტის მისამართით კასეტური იარაღი გამოიყენეს.

„ამ შაბათ-კვირას მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კადრები, რაც უჩვენებს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას. მათ ასევე განაცხადეს, რომ სტეფანაკერტის (ხანქენდი) და შუშის (შუშა) დაბომბვის შედეგად არაერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა“, – წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თანხმად, მათი ექსპერტების დასკვნით, სტეფანაკერტის მისამართით აზერბაიჯანულმა ძალებმა გამოიყენეს ისრაელში დამზადებული M095 DPICM კასეტური იარაღი.

„კასეტური ბომბების გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით, შესაბამისად, მისი გამოყენება სამოქალაქო არეალზე თავდასხმისთვის არის განსაკუთრებით საშიში და მხოლოდ სიკვდილსა და დაზიანებებს მოიტანს“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, „ამნესტის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა.

Amnesty International-ის განმარტებითვე, კასეტური იარაღი ასეულობით მცირე ზომის ჭურვს შეიცავს და განსაკუთრებით საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, აფეთქების დიდი არეალისა და მცირე ზომის ჭურვების ცალ-ცალკე აფეთქების შესაძლებლობიდან გამომდინარე. ამასთან, ბომბების 5-20% არ ფეთქდება, რაც მათი ადგილზე დატოვების შემთხვევაში დამატებით რისკს ქმნის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის.

„ბრძოლების ესკალაციის ფონზე, სამოქალაქო პირები დაცულნი უნდა იყვნენ, ისინი არ უნდა ამოიღონ მიზანში და დაუფიქრებლად საფრთხეში არ უნდა ჩააგდონ“, – წერია „ამნესტის“ 5 ოქტომბრის განცხადებაში.

ყარაბაღის დე ფაქტო ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოხარულია „ამნესტის“ ამ პუბლიკაციით და ორგანიზაცია ადგილზე მიიწვია.

აზერბაიჯანის მხარეს ჯერჯერობით არ უპასუხია „ამნესტისათვის“.

გირჩევთ:

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი