აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი პასუხობს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებას კასეტური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და იმავე ქმედებაში სომხეთს ადანაშაულებს.
Amnesty-ს დასკვნა
Amnesty International-მა („ამნესტიმ“) 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნით, აზერბაიჯანულმა ძალებმა სტეფანაკერტის მისამართით კასეტური იარაღი გამოიყენეს.
„ამ შაბათ-კვირას მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კადრები, რაც უჩვენებს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას. მათ ასევე განაცხადეს, რომ სტეფანაკერტის (ხანქენდი) და შუშის (შუშა) დაბომბვის შედეგად არაერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა“, – წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.
ორგანიზაციის თანხმად, მათი ექსპერტების დასკვნით, სტეფანაკერტის მისამართით აზერბაიჯანულმა ძალებმა გამოიყენეს ისრაელში დამზადებული M095 DPICM კასეტური იარაღი.
„კასეტური ბომბების გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით, შესაბამისად, მისი გამოყენება სამოქალაქო არეალზე თავდასხმისთვის არის განსაკუთრებით საშიში და მხოლოდ სიკვდილსა და დაზიანებებს მოიტანს“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, „ამნესტის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა.
აზერბაიჯანის პასუხი
მეორე დღეს, 6 ოქტომბერს, „ამნესტის“ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა უპასუხა, წერილი გაუგზავნა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და განაცხადა, რომ მათ განცხადებაში „არაერთი ფაქტი იყო დამახინჯებული“
ალიევის თანახმად, 27 სექტემბრიდან მოყოლებული, „სომხეთის შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიან პროვოკაციების აწყობენ და ცეცხლს ხსნიან აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლელების მიმართულებით, რის შედეგადაც დაღუპულია არაერთი სამოქალაქო და სამხედრო პირი და მჭირდოდ დასახლებულ არეალებში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – კლინიკები, სამედიცინო ცენტრები, სკოლები და ბაღები, რომლებიც სპეციალურად ამოიღეს მიზანში“.
განცხადების თანახმად, 27 სექტემბრის შემდეგ დაღუპულია 27 სამოქალაქო პირი, 141 ადამიანი კი დაშავდა. სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაზუსტებულ დანაკარგზე აზერბაიჯანული მხარე არ საუბრობს.
ამასთან, მთავარმა პროკურორმა სომხეთი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში – სამოქალაქო პუნქტებისთვის „მძიმე საარტილერიო ცეცხლის გახსნის“ გამო .
„ხაზს ვუსვამთ, ექსპერტები მიუთითებენ, რომ სომხეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა დამანგრეველი კასეტური ბომბების გამოყენებას, რაც საერთაშორისო დონეზეა აკრძალული, ასევე, სმერჩის რაკეტების გამოყენებას ყველა სახის სამიზნის მიმართულებით“.
პროკურორმა Amnesty-ს განცხადებაში ამ შესწორებების შეტანა მოსთხოვა.
Amnesty International-ის განმარტებით, კასეტური იარაღი ასეულობით მცირე ზომის ჭურვს შეიცავს და განსაკუთრებით საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, აფეთქების დიდი არეალისა და მცირე ზომის ჭურვების ცალ-ცალკე აფეთქების შესაძლებლობიდან გამომდინარე; ამასთან, ბომბების 5-20% არ ფეთქდება, რაც მათი ადგილზე დატოვების შემთხვევაში დამატებით რისკს ქმნის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ჯერჯერობით კვლავ ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.
ცოტა ხნის წინ ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებების დასაწყებად წინაპირობები წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია უნდა დატოვოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.
თავის მხრივ, სომხეთი მოლაპარაკებების დაწყებას 1994-1995 წლების შეთანხმებების პირობებში ითხოვს, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელია.
„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ







