ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს გავლით იარაღის გადატანა არ ხდება” – საგარეო ფეიკ ნიუსებზე საუბრობს

5 ოქტომბერი, 2020 • 1230
“საქართველოს გავლით იარაღის გადატანა არ ხდება” – საგარეო ფეიკ ნიუსებზე საუბრობს

“მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს და მთელ მოსახლეობას, არ აყვნენ დეზინფორმაციას. მინდა მივმართო ყველას, რომ სიახლეების გავრცელებისას დაეყრდნონ მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, საქართველოს გავლით კონფლიქტის მონაწილე მხარეებისთვის [სომხეთი, აზერბაიჯანი], შეიარაღების მიწოდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როგორც დარსალია ამბობს, საგარეო უწყება აკვირდება, რომ “სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიკ ნიუსები, რომ თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაციაც, რომ თითქოს საქართველოს გავლით მოხდა აზერბაიჯანში იარაღის შეტანა, რაც არის ცალსახა დეზინფორმაცია”.

“ტვირთების გადაზიდვის საკითხზე ქართული პოზიცია არის ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვების გაცემას ორივე ქვეყნის მიერ სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე, ამასთან, ეს არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს. ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების, ასევე, ჩვენი მეზობლების მიმართ”.

საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საქართველოში სომხეთის საელჩომაც განაცხადა.

ვრცელდება დეზინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე – სომხეთის საელჩო

27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სოციალურ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ყალბი ინფორმაცია. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში იარაღი გადააქვთ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რეგიონში სწრაფად აღდგეს მშვიდობა – უსაფრთხოების საბჭო

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი