ახალი ამბები

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკი” აშენდება – კალაძე

5 ოქტომბერი, 2020 • 4117
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკი” აშენდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, საბურთალოზე მდებარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და ამ ადგილას “თბილისის ცენტრალური პარკი” გაშენდება. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე, უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომლითაც ყველა აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა “ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა. მერის განცხადებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია ასევე ჩართული იქნება “თბილისის ცენტრალური პარკის” მშენებლობაშიც, რომელიც “რამდენიმე ათეული მილიონი” დაჯდება.

ამასთან, კალაძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში “ფასდაუდებელია ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის როლი”. მერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს “ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის”.

პროექტზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წვლილს ხაზი გაუსვა ფონდ “ქართუს” თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმაც:

“ბიძინა ივანიშვილის და მისი ოაჯხის გადაწყვეტილებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საჩუქრად, უსასყიდლოდ გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს. რაც მთავარია, ფონდი “ქართუ” იღებს პასუხისმგებლობას, ამ ტერიტორიაზე მოაწყოს ახალი, მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი”, – აღნიშნა ჩხეტიანმა.

კალაძის თქმით, პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს, პროექტი კი თითქმის დასრულებულია. ხვალ, 6 ოქტომბერს კი, პროექტის სრული პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი.

“ქართუმ” ყოფილი იპოდრომის ტერიტორია 19 ივნისს,თითქმის 50 მლნ ლარად შეიძინა. ეს მიწის ნაკვეთი კი ფონდმა ივანიშვილთან დაკავშირებული სხვა კომპანიისგან, შპს „ინვესტ კაპიტალისგან“ შეიძინა. ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლები მაშინ ამბობდნენ, რომ იპოდრომს „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა.

გაიგეთ მეტი:

რას გეგმავს ივანიშვილი ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი