ახალი ამბები

რას გეგმავს ივანიშვილი ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით

30 ივნისი, 2020 • 3421
რას გეგმავს ივანიშვილი ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა „ქართუმ“, 19 ივნისის ხელშეკრულებით, თბილისში, საბურთალოზე მდებარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები იყიდა.

ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ მიწის 3  ნაკვეთში,„ქართუმ“ თითქმის 50 მლნ ლარი გადაიხადა. ეს მიწის ნაკვეთები კი ფონდმა ივანიშვილთან დაკავშირებული სხვა კომპანიისგან, შპს „ინვესტ კაპიტალისგან“ შეიძინა.

“ქართუ” არის ფონდი, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა საქართველოში. ის ფაქტი, რომ ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომერციულმა კომპანიამ ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდს მიჰყიდა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს აფიქრებინებთ, რომ იგეგმება გარკვეული ტიპის წინასაარჩევნო მიზნებზე გათვლილი პროექტის განხორციელება. ფონდ „ქართუში“ კი გადაწყვეტილების ირგვლივ პოლიტიკური აჟიოტაჟის არსებობის შესახებ საუბრობენ.

მიწის შეძენილი ნაკვეთების ამბავი

იპოდრომზე მიწის ნაკვეთების ყიდვის შესახებ თავდაპირველად „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა. მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივნისით დათარიღებული ერთ-ერთ ხელშეკრულებში იპოდრომის ტერიტორიაზე  მიწის 3 ნაკვეთს ფონდი „ქართუ“ 49 მლნ ლარზე მეტ თანხად ყიდულობს.

სულ, რეესტრის თანახმად, 19 ივნისს განცხადება მიწის 7 ნაკვეთზე შევიდა.

ფონდმა „ქართუმ“ ეს მიწები შპს „ინვესტ კაპიტალისგან“ იყიდა, რომელთანაც აღნიშნული ტერიტორიის შესახებ სხვადასხვა დროს გარიგებები აქვს დადებული ბანკ “ქართუს”. თავად “ინვესტ კაპიტალის” ხელმძღვანელი კახა კობიაშვილი იყო, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, ირაკლი აბესაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ იპოდრომის მიწების ყიდვა-გაყიდვა რამდენიმე გარემოების გამო საეჭვოა. მისი თქმით, შპს „ინვესტ კაპიტალი“ არცერთ სხვა ინფრასტრუქტურულ საქმიანობაში არაა ჩართული და ზოგადად, ფაქტობირვად, არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.

„თავისთავად ეს არის საეჭვო გარემოება, თუმცა ამ ბუნდოვანებას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ყიდვის გარემოებები, უპირველესად კი ის, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე ნაკვეთები 10 წელზე მეტია ივანიშვილის საკუთრებაშია  და არაფერი იქ ივანიშვილს არ გაუკეთებია – რატომ ახლა?“, – ამბობს აბესაძე.

ამ ტრანზაქციით, რეესტრის თანახმად, ფონდმა 300 ათას კვ.მ-ზე მეტი მიწა იყიდა, რომლის მთლიანი საფასურიც, აბესაძის თქმით, დაახლოებით 60 მლნ ლარია.

იპოდრომი არჩევნებისთვის?

ის, რომ იპოდრომს „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, ფიქრობენ როგორც ოპოზიციაში, ასევე, სამოქალაქო სექტორში.

„ყველა არჩვენებზე ველოდებოდით, რომ ინვანიშვილი იპოდრომს გადასცემს ქალაქს – ეტყობა, ახლა დადგა ეგ მომენტი, რომ მას სჭირდება იპოდრომი იმისთვის, რომ მეტი ხმა მოაგროვოს. ეს არის ჩემი ვარაუდი, თუმცა არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ უბრალოდ თავის ფულებს „ატრიალებს“, – ამბობს ნატა ფერაძე, პარტიზანი მებაღე.

„ამას ემატება „ქართუს“ პროექტი მთაწმინდის განაშენიანების შესახებ – კოჯრიდან წყნეთამდე. მგონია, რომ მოსახლეობის სუსტი წერტილი იპოვეს, ის, რომ არის მწვანე სივრცეებისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა და დიდი ალბათობაა, რომ სწორად ამიტომ კეთდება ეს ყველაფერი“, – განმარტავს ფერაძე.

იპოდრომის ტერიტორია

ჩვენ ასევე მივმართეთ თბილისის მერიას კითხივით – იპოდრომთან დაკავშირებით ხომ არ მიმდინარეობს რაიმე სახის მოლაპარაკება „ქართუსთან“, ან ხომ არ იგეგემება ამ ტერიტორიის ქალაქისთვის გადაცემა. უწყებაში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება მერიასთან არ ყოფილა.

რაც შეეხება თავად „ქართუს“, ნეტგაზეთი დაუკავშირდა ფონდის დირექტორს, ნიკოლოზ ჩხენტიანს, თუმცა მისგან პასუხი არ მიგვიღია. რამდენიმე საათში კი ფონდმა ფეისბუკზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ამ წერილში ნათქვამია, რომ „ქართუს“ გადაწყვეტილებას აჟიოტაჟი მოჰყვა, რომლის მიზანი „ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა“.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

დასასრულ, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი