ახალი ამბები

მარნეულში ძალადობაზე ჯერ არავინ დაუკავებიათ

2 ოქტომბერი, 2020 • 1124
მარნეულში ძალადობაზე ჯერ არავინ დაუკავებიათ

29 სექტემბერს მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული პირების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინფორმაციით, პოლიციაში არსებობს ვიდეოკადრები  და შესაძლო თავდამსხმელებიც იდენტიფიცირებული არიან, შსს-ს ამ დრომდე არც არავინ დაუკავებია და არც დაუკითხავს.

მტკიცებულებების არსებობაზე საუბრობს “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის წარმომადგენელი, გიორგი მუმლაძე, რომლის თქმითაც, 29 სექტემბერს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ამირან გიორგაძე და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები დაესხნენ თავს.

“მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია და არსებობს მტკიცებულებები, ამ ეტაპზე ახალი არაფერი არ არის. სამწუხარო და უცნაურია, რომ მიუხედავად მოწმეების და ვიდეოკადრებისა, ჯერ არავინ არ დაუკითხავთ. ეს კადრები სამინისტროში აქვთ. ეს კადრები მე ვნახე მაშინ, როცა ჩემი გამოკითხვა მიმდინარეობდა და პოლიციას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე მომხდარის შესახებ”, – განაცხადა მუმლაძემ “ნეტგაზეთთან საუბრისას.

ამირან გიორგაძემ დღეს ნეტგაზეთის ზარს არ უპასუხა, თუმცა წინა დღეებში ბრალდებებს უარყოფდა.

მისი თქმით, დღეს, 2 ოქტომბერს, პროკურატურას მიმართა დაზარალებულის სტატუსის მოსაპოვებლად. მუმლაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში მოძალადეები არ დაისჯებიან, სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარებას გეგმავს, მათ შორის, სასამართლოში ჩივილსა და პერმანენტულ აქციებს.

“თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, ზოგადად, არჩევნების სისტემაც იქნება არალეგიტიმური, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას იმისთვის, რომ სახელმწიფომ იგრძნოს პასუხისმგებლობა და თაროზე არ შემოდოს ეს საქმე”, – განაცხადა მუმლაძემ.

კანონის ფარგლებში მოძალადეების დაუსჯელობის გაპროტესტებას გეგმავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. პარტიის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, აგილ მუსტაფაევის განმარტებით, პარტიის სამი წევრია ნაცემი, მათგან ერთი ამ დრომდე საავადმყოფოშია, ერთი გუშინ გაწერეს, ერთს კი მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და იმ დღესვე დატოვა კლინიკა.

მუსტაფაევის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მტკიცებულებები, სადაც ჩანს, თუ ვინ და როგორ ესხმის თავს პარტიის წევრებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში აღნიშნულ ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუბარებიათ.

“3 დღეა ველოდებით, თუ ხვალამდეც არ ექნებათ არავითარი პასუხი, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. დავიწყებთ პროტესტს. არ ვიცით ჯერ, ზუსტად რა სახის პროტესტი იქნება, ალბათ, მიტინგი, აქცია ან გავმართავთ ბრიფინგს. ველოდებით კიდევ ერთი დღე. შეიძლება ხვალაც კი გავაკეთოთ. ჯერ დაზუსტებული არ გვაქვს დეტალები”, – განმარტა მუსტაფაევმა.

“ნეტგაზეთი” მუმლაძისა და მუსტაფაევის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტორს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ მომხდარიდან მეორე დღეს, 30 სექტემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბოლო დღეებში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით “დღეს-ხვალ” დამნაშავეები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან.

ასევე, მან თქვა, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება და სამართალდამცავ უწყებებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

მარნეულში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებებიდან მეორე დღეს უცნობმა პირებმა თბილისი-მარნეულის გზაზე “ქართული ოცნების” აქტივისტი თემურ შუბითიძე სცემეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შუბითიძეს მრავლობითი დაზიანებების ფონზე ოპერაციაც დასჭირდა. როგორც შუბითიძის დედამ ტელეკომპანიასთან საუბრისას აღნიშნა, მას სახის ძვლების მოტეხილობაც ჰქონდა.

დაშავებულის ძმამ, გიორგი შუბითიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ თემურის ავტომანქანას თბილისი-მარნეულის გზაზე სხვა მანქანა შეეჯახა და მას შემდეგ, რაც შუბითიძე საკუთარი ავტომანქანიდან გადმოვიდა, სამმა პირმა სცემა. გიორგი შუბითიძის თქმით, მისმა ძმამ თავდამსხმელები ვერ ამოიცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

29 სექტემბერს, საღამოს საათებში, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებს. „მთავარი არხის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს; ნაცემია „პირველი არხის“ ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

განახლება – 4 ოქტომბერი

ნახიდურსა და მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე 4 პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი