ახალი ამბები

საქართველო – ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია – ფეხბურთის ფედერაცია 

2 ოქტომბერი, 2020 • 1511
საქართველო – ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია – ფეხბურთის ფედერაცია 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო – ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ამის თაობაზე განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას შემდეგ გაავრცელა,  რაც ცნობილი გახდა უეფას გადაწყვეტილება მატჩებზე გულლშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით: 

“უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო – ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს, დღის ბოლომდე გაგაცნობთ”, – აცხადებს ფედერაცია. 

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, ფედერაცია აცხადებს: 

“ როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი