UEFA-ს გადაწყვეტილებით, რომელიც დაგეგმილ მატჩებზე გულშემატკივრების დასწრების საკითხს ეხება, საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება შესაძლოა 20,000 -მდე გულშემატკივარმა შეძლოს.
უეფას გადაწყვეტილებით, რომელიც პირველ ოქტომბერს გახდა ცნობილი, მატჩებზე გულშემატკივრების დასწრება სტადიონის ტევადობის მაქსიმუმ 30 პროცენტზე შეიძლება. თუმცა უეფა ასევე დასძენს, რომ ეს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო დაბალი სტანდარტი არა აქვს დაწესებული დასწრებასთან დაკავშირებით.
გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია საქართველოს პოზიცია:
” უეფას გადაწყვეტილებით, 30 % საერთო ტევადობის დაიშვება, ახლა ველოდებით სამთავრობო და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და ხვალ ყველა სიახლეს ოპერატიულად შეგატყობინებთ”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ფეხბურთის ფედერაციაში.
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩი, საქართველო – ბელარუსი 8 ოქტომბერს თბილისში უნდა გაიმართოს. ეს მატჩი მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. გადაიდო თავად ევროპის ჩემპიონატიც.
ამ შეხვედრაში გამარჯვებულმა გუნდმა კიდევ ერთი თამაში უნდა მოიგოს [ჩრდ. მაკედონია-კოსოვოს წყვილის გამარჯვებულთან] და ამის შედეგად გავა ევროპის ჩემპიონატზე.