ახალი ამბები

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

30 სექტემბერი, 2020 • 1000
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მარნეულში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს:

“დღეს, 2020 წლის 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც. თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია “მთავარი არხის” კამერა და მიკროფონი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.
მიგვაჩნია რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს”, – აცხადებენ კოალიციაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგლიაშვილმა განუცხადა, ამჟამად ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რამდნეიმე წუთის წინ მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის განცხადებით” ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი