ახალი ამბები

ყარაბაღის კონფლიქტზე საქართველოში სამშვიდობო მანიფესტი შეიქმნა

1 ოქტომბერი, 2020 • 982
ყარაბაღის კონფლიქტზე საქართველოში სამშვიდობო მანიფესტი შეიქმნა

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავირებით რეგიონის მთავრობებს და საერთაშორისო აქტორებს მანიფესტით მიმართავენ. მანიფესტის ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ სამშვიდობო და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ.

“ჩვენ, კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს, სასტიკი ომების, კონფლიქტებისა და დევნილობის უმძიმესი გამოცდილება გვაქვს. ყველამ საკუთარი ისტორიული გამოცდილებებით გავიაზრეთ, რომ ომი ადამიანებს აწვებათ ზურგზე, მათი განადგურებისა და გაღარიბების ძალა შესწევს და მხოლოდ ტკივილი, ტანჯვა და იმედგაცრუება მოაქვს. ჩვენს რეგიონში არცერთ ერსა და ეთნოსს ომის შედეგად გამარჯვება და განვითარება არ მოუპოვებია.

სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენს რეგიონს მხოლოდ მშვიდობის, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა მოუტანს სტაბილურობასა და განვითარებას. რეგიონის თანმდევი მახასიათებელი მუდმივად იყო მისი მრავალფეროვნება. ულტრანაციონალიზმის, ეთნონაციონალიზმისა და შოვინიზმის პირობებში ეთნოსებსა და ქვეყნებს შორის განსხვავებები ჩვენი განცალკევებისთვის და გათიშულობისთვის არის გამოყენებული, თითქოს ეს განსხვავებები ჩვენ შორის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდეს. მნიშვნელოვანია, მრავალფეროვნების ღირებულება გავაცნობიეროთ და გაერთიანებისთვის გამოვიყენოთ”, – წერია მანიფესტში.

ასევე, მანიფესტის ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან ეს განსაკუთრებით მნისვნელოვანია როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე, მთლიანი რეგიონის განვითარებისთვის.

ამასთან, მანიფესტში აღნიშნულია, რომ არა მხოლოდ მთავრობებმა, არამედ მოქალაქეებმაც უნდა გაიაზრონ ადამიანის სიცოცხლის უზენაესობა, არ აჰყვნენ ეთნონაციონალიზმს, შოვინიზმისა და მილიტარიზის იდეებს, რაც ადამიანების წინააღმდეგ “ბრმა იარაღად, დასამონებლად და გასათიშად” გამოიყენება.

მანიფესტის ავტორები მოუწოდებენ:

საქართველოს მთავრობას

ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში;

უკეთ გაიაზროს რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერის პროცესში საკუთარი როლი და აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის;

გაატაროს სათანადო პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები სამხედრო და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული განწყობების და სენტიმენტების საქართველოში გადმოტანისგან შეკავების მიზნით.

აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს

დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამხედრო დაპირისპირების შესაჩერებლად და იმუშაონ კონფლიქტის და დაძაბულობის მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად;

რუსეთისა და თურქეთის მთავრობებს

არ მიიღონ მონაწილეობა შექმნილ სამხედრო დაპირისპირებაში და საკუთარი ინტერვენციით კიდევ უფრო მეტად არ გააღრმაონ შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტი და რეგიონში არსებული დაძაბულობა;

საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირს

მიიღონ უფრო ეფექტიანი და პირდაპირი ზომები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და შეიმუშაონ უფრო ქმედითი სტრატეგიები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.

საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს

შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენები გააშუქონ მაქსიმალურად ნეიტრალურად და გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ფაქტორი საქართველოში.

მანიფესტს ხელს აწერს 17 ორგანიზაცია: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “კავკასიური სახლი”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “ჩართულობის და განვითარების ცენტრი”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “თანასწორობის მოძრაობა”, “კავშირი საფარი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის”, “ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “ახალგაზრდები დიპლომატიური ჩართულობისათვის”, “მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი”, “ქალთა ფონდი საქართველოში”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გრძელდება.

 

რა ხდება ყარაბაღში – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი