პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მათი მხარდამჭერები ის ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში “მდგმურის” როლში ყოფნა და უსამართლო ჩაგვრა მობეზრდათ.
როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობას მნიშნვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ის სპარტაკია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ხალხს თავისუფლება მოუტანოს.
“ეს ადამიანები დღეს უყურებენ მამუკა ხაზარაძეს, უყურებენ “გირჩს”, უყურებენ ირაკლი ოქრუაშვილს, ივანიშვილს, სააკაშვილს, ბოკერიას, ყველას უყურებენ და ფიქრობენ, რომ ჩემი ადგილი აქ სად არის, ამათ მე რაში ვჭირდები საერთოდ. წლების მანძილზე ლუკმას მართმევდნენ პირიდან, მჩაგრავდნენ და დღეს უნდათ, რომ მოვიდნენ ქვეყანაში, რომ ჩემზე იბატონონ. მე ვეუბნები ამ ხალხს, რომ თქვით თქვენთვის, რომ ჩვენ არ გვინდა ეს მჩაგვრელები, ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ მჩაგვრელებს და გავუშვათ პოლიტიკურ პარაშაზე.
ამიტომ ,ვისაც უნდა ამ პროცესში ჩვენთან ერთად ყოფნა, ის იქნება ჩვენთან ერთად, პროცენტულ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში, სპარტაკი ერქვა და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე. მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას”, — განცხადა ფოფხაძემ რადიო თავისუფლების გადაცემა “დილის საუბრებში”.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვისთან წარმოუდგენია ფოფხაძეს სამომავლოდ კოალიციის შექმნა, ის პასუხობს, რომ პოლიტიკურ კონიუნქტურას ვერ აჰყვება, რადგან მას პოლიტიკური პრინციპები აქვს და არ სურს, ისინი პოლიტიკურ კონიუნქტურას შესწიროს.