ახალი ამბები

5-7 თვეს ვაძლევ „ოცნებას“, რეალურად, მეტი დრო აღარ აქვთ — ფოფხაძე

2 ნოემბერი, 2022 • 1689
5-7 თვეს ვაძლევ „ოცნებას“, რეალურად, მეტი დრო აღარ აქვთ — ფოფხაძე

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ხელისუფლებას 5-7 თვეზე მეტი დრო აღარ აქვს დარჩენილი, რადგან მათ ხალხის პროტესტი წალეკავს.

ამის შესახებ მან  დღეს, 2 ნოემბერს, მას შემდეგ განაცხადა, რაც სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გედევან ფოფხაძის თქმით, დღეს სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მოსამართლეთა კოლეგიის სახით სისხლის სამართლის 3 დამნაშავე იყო.

მისი თქმით, დღევანდელი დღე ათვლის დღე უნდა იყოს და ამ დღიდან უნდა დაიწყოს ახალი ერთობა, რათა დანაშაულის თანამონაწილეები არ გახდნენ.

„შინაგანად რაღაცის იმედი მქონდა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლოა, საღი აზრი არსებობდეს. ამ სასამართლომ დამანახა, რომ ეს საღი აზრი არ არსებობს. მოგიწოდებთ ყველას, ვინც ახლა აქ ხართ, ჩვენ უკან არის ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენ გვჭირდება ისეთი ერთიანობის შექმნა, რომელიც რეალურ დისკომფორტს შეუქმნის ამ ხელისუფლებას და მიხვდება, რომ უსამართლო და დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო მიიღებს ადეკვატურ პასუხს.

მე დარწმუნებული ვარ, აქ მყოფ ადამიანებს გვაქვს რესურსი, რომ თუ ჩვენ დავორგანიზებთ, ჩვენ შევძლებთ პროტესტის სერიოზული ტალღის წამოწყებას. ეს იქნება ტალღა, რომელიც ამათ წალეკავს. ესენი ისედაც დამთავრებულები არიან, 5-7 თვეს ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რეალურად, მეტი დრო მათ აღარ აქვთ. ისტორიამ ისინი გაწირა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავხდეთ ამ ყველაფრის თანამონაწილეები.

ამიტომ არ გვაქვს უფლება დღეს ასე დავიშალოთ, როცა ნიკა თავგანწირვის ასეთ მაგალითს გვაძლევს. ეს სასამართლოს ეზოც პროტესტის ადგილი უნდა გახდეს, რუსთაველიც და ყველა ადგილი. არანაირი ინდივიდუალური პროტესტები, ერთად დავდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ“, — განაცხადა გედევან ფოფხაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.

გადაწყვეტილება 2 ნოემბერს 11:10 საათისთვის გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

გვარამიასა და მასთან ერთად მსჯავრდებული კახა დამენიას საჩივრები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, ბრალის დამძიმება კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ზვიად იაშვილი, გამართლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი