ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე სააკაშვილის გათავისუფლების აქციას უერთდება

13 ოქტომბერი, 2021 • 2815
გედევან ფოფხაძე სააკაშვილის გათავისუფლების აქციას უერთდება

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედავან ფოფხაძე 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას უერთდება.

როგორც გედევან ფოფხაძემ ნეტგაზეთს უთხრა, სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად მიაჩნია.

ფოფხაძეს თავისი ძველი განცხადებები შევახსენეთ, როცა ამბობდა, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში და ვკითხეთ, რატომ შეიცვალა ახლა აზრი, რაზეც მან სამი მიზეზი დაგვისახელა:

  1.  სააკაშვილს ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს სამართლიანი სასამართლოს შანსი და მიმაჩნია, რომ ეს არის წინაპირობა იმის, რომ იყოს პოლიტპატიმარი და არის ასეთი.
  2. ეს არის ახალი პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც გაჩნდა “ქართული ოცნების” საქმიანობის შედეგად და გამოიხატება იმაში, რომ მან თავისი საქმიანობით ყველა მორალური უფლება დაკარგა, ვინმე გაასამართლოს. იმიტომ, რომ იქცა კრიმინალურ დაჯგუფებად და ფულის ჩეხვის და კორუფციის მეტს “ქართული ოცნება” დღეს არაფერს არ აკეთებს, ქვეყნისთვის და ხალხისთვის ეს პარტია დამთავრდა.
  3. ეს არის არჩევნების შედეგი, რაც ახალ პოლიტიკურ მოცემულობას ქმნის. ციხიდან კაცმა აიღო 30% გაყალბებულ არჩევნებზე, სრული ტერორის საფუძველზე. მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური შესაძლებლობა, პარლამენტს ან პრეზიდენტს მისცეს შეწყალების ან ამნისტიის უფლება. როცა 30% თავის პოლიტიკურ ლიდერად აღიარებს სააკაშვილს, მას აქვს ლეგიტიმური უფლება, მოითხოვს, რომ ეს ლიდერი ჰყავდეს თავისუფალი და მას ჰქონდეს ამ ლიდერთან ურთიერთობა. თუ მისი დანაშაული მართლა არ არის დამტკიცებული სამართლიანი სასამართლოს მიერ.

ფოფხაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ეს 30% სააკაშვილის ცუდ მმართველობაში დაერწმუნებინა და ვერ შეძლო.

“იმიტომ, რომ ყველაფერი გააფუჭეს, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა — სააკაშვილის მოსამართლეები, სუს-ის აგენტები, ყველა დაიყენა გვერდში და ამით თავის მორალური სახე წაშალა. მე არ მინდა, რომ სააკაშვილი იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ თუ სააკაშვილი ზის, სხვასაც ჩასვამენ, ნიკა გვარამიას და ალბათ, მეც მომიწევს ჩაჯდომა. ესენი იმის მიხედვით კი არ დაგვიჭერენ, ვინ კაი ბიჭია და ვინ ცუდი, დაგვიჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულები ვართ და ამათი ხელისუფლება არ მოგვწონს.

სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეიძლება სააკაშვილიც დაიჭირო, ივანიშვილიც დაიჭირო, კალაძეც დაიჭირო. კონკრეტული დანაშაულები აქვთ იმათაც ჩადენილი. მაგრამ როცა არ არის ერთიანი სტანდარტი და ორმაგი სტანდარტია, შენ იჭერ სააკაშვილს და ივანიშვილი ამ სასამართლოს და პროკურატურის პირობებში არის დაუსჯელი”, — ამბობს ფოფხაძე.

როგორც გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, პოლიტპატიმარი არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა. მისი თქმით, სააკაშვილის დაჭერით “ოცნებას” სურს, რომ ქვეყნის წინაშე მისი ვალდებულებები გადაფაროს და ამასთან, მისი დემონიზაციის ხარჯზე მთელი ოპოზიცია მძევლად აქციოს.

“ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. უდანაშაულობაზე მე არ ვლაპარაკობ. შეიძლება სააკაშვილს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ეგ უნდა დაამტკიცოს სამართლიანმა სასამართლომ. სააკაშვილმა შეიწყალა ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე ვიღაცამ სასჯელი მიუსაჯა.

ვინც მიუსაჯა სასჯელი, ის უვადო მოსამართლეა და სააკაშვილია დამნაშავე შეწყალების გამო?! არც იურიდიული და არც მორალური პასუხისმგებლობა სააკაშვილს არ შეიძლება იმ მოსამართლეზე მეტი ჰქონდეს. შენ თუ ის მოსამართლე მოგწონს და სააკაშვილს იჭერ მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაქვს პოლიტიკური პრობლემა მასთან.

რომ ვიკეკლუცო და არ მივიდე აქციაზე, რა, მერე? მე „ნაციონალური მოძრაობა“ არ მომწონდა, არ მომწონს და არ მომეწონება, მაგრამ “ოცნება” რომ ძალიან განაცებულია და იგივეს აკეთებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, მაგის უფლება მივცეთ?! მე მიმაჩნია, რომ ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანაში ეს ყველაფერი გაგრძელდეს და უნდა, რომ დამთავრდეს უსამართლობა, უკანონობა და მივაღწიოთ კოალიციურ მთავრობას, ახლა კეკლუცობას თავი უნდა დაანებონ. ერთად უნდა დავდგეთ და დავამთავროთ „ქართული ოცნება“, — აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ხვალ, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა“ და მასში მონაწილეობა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეუძლიათ.

აქციას არ უერთებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის: „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი