ახალი ამბები

ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს სააპელაციომ 13 წელი მიუსაჯა – ადვოკატი

1 ოქტომბერი, 2020 • 1221
ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს სააპელაციომ 13 წელი მიუსაჯა – ადვოკატი

ბრალდებულს, რომელსაც ბრალად ბავშვთან გარყვნილი ქმედება ედება, სააპელაციო სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ საქმეზე მანამდე პირველი ინსტანციის სასამართლომ (გურჯაანის რაიონულმა) ბრალდებული გაამართლა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ნეტგაზეთს სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე ადვოკატი – თამარ ლუკავა ესაუბრა.

ლუკავა განმარტავს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და გაუმართლებელი იყო, რადგან:

„განაჩენის მთლიანი აღწერილობითი ნაწილი იყო დაყრდნობილი იმაზე, რომ 5 და 7 წლის ბავშვები არიან ქმედუუნაროები და მათ ჩვენებას სასამართლო ვერ მიიჩნევდა სარწმუნოდ. ჩვენ სწორედ ამ საკითხზე ვდავობდით, ვინადაინ პედოფილიის საქმეებში წარმოუდგენელია არსებობდეს სხვა მოწმე ან ბევრი მტკიცებულება“, – ამბობს ადვოკატი.

ის გვიყვება, რომ საქმეში არსებობდა ე.წ. ოქროს მოწმე – 7 წლის თვითმხილველი ბავშვი, რომლის მიერ მიცემული ჩვენება საქმისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

„სწორედ ეს ორი ჩვენება – დაზარალებულისა და მოწმის – უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს. ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობდით, როდესაც ვამბობდით, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი“, – ამბობს თამარ ლუკავა.

ადვოკატის თქმით, სააპელაციომ სწორედ ზემოხსენებული გარემოება გაითვალისწინა და ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება 5 წლის ბავშვს, რომლის ოჯახის ამბობდა, რომ ახლო ნათესავმა არასრულწლოვანზე იძალადა. თავიდანვე ოჯახი ამბობდა, რომ საქმეს აჭიანურებდნენ. ამას ამბობს ადვოკატიც.

ნეტგაზეთთან საუბარში თამარ ლუკავა განმარტავს, რომ საქმის განხილვა პანდემიას დაემთხვა, რა დროსაც სასამართლო პროცესი დისტანციურად უნდა გამართულიყო – „თუმცა, ხშირად ხდებოდა გადადება, იმ მოტივით, რომ თითქოს ვერ ერთვებოდა ბრალდებული, კამერა ან მიკროფონი არ მუშაობდა და ა.შ.“.

ამ ინფორმაციას ადასტურებენ სააპელაციო სასამართლოშიც. განცხადებაში, რომელსაც სასამართლო ავრცელებს, ნათქვამია, რომ საქმე კოლეგიური წესით განიხილეს. სააპელაციო ამბობს, რომ ბრალდებულმა 2019 წლის ივნისში ბავშვი, ძალის გამოყენებით აიყვანა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც „ძალადობითი და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება“.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.

5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

მასალების გადაბეჭდვის წესი