ახალი ამბებისამართალი

5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

13 მაისი, 2020 • 3204
5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა კაცი, რომელსაც 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ედებოდა ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

განაჩენს ბავშვის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. როგორც ტელეკომპანია “მთავართან” ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, მათთვის ეს განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა.

მანამდე ბავშვის ოჯახი ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” საუბრისას პროკურატურას და მოსამართლეს საქმის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებდა. პროცესი 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღკვეთის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და საპატიმრო დატოვა.

დანაშაულს უარყოფს თავად ბრალდებული, რომელიც “რუსთავი 2-თან” ამბობდა, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა.

აღნიშნულ თემაზე გუშინ, 12 მაისს განცხადება პროკურატურამაც გაავრცელა. უწყებაში ამბობდნენ, რომ პროკურორის მოთხოვნით საქმეზე არცერთი სასამართლო სხდომა არ გადადებულა.

უწყების განცხადებით,  ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა.

“აღნიშნულის შემდეგ სასამართლო იკვლევდა დაცვის მხარის მტკიცებულებებს. ვინაიდან სასამართლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, ტექნიკური ხარვეზების გამო სხდომა ორჯერ გადაიდო, რის გამოც ვერ მოესწრო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება, ასევე, დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურაში ამბობდნენ, რომ საქმის განხილვა გრძელდებოდა და სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. ბრალდების მხარე იმედოვნებდა, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას შესაბამის შეფასებას მისცემდა და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა.

აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11-დან  15 წლამდე იყო გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი