ახალი ამბები

ჩვენ მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით – ზურაბიშვილი

1 ოქტომბერი, 2020 • 2053
ჩვენ მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს მიმართა.

პრეზიდენტმა გაეროს სამიტზე საქართველოს მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრა და ყურადღება მისი დაცვისა და შენარჩენების პრინციპებზე გაამახვილა.

“ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით. ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა.

COVID-19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ”, – ადმინისტრაციის ინფორმაციით, განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილი შეეხო საქართველოს ბიომრავალფეროვნებას და ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ დაცულ ტერიტორიას, განსაკუთრებული აქცენტი კი თუშეთზე გააკეთა.

“თუშეთი ბიომრავალფეროვნების ის რეზერვუარია, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ. ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკური განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველსაყოფად სიფრთხილის ზომები  გამოვიყენოთ და  დავაბალანსოთ ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, ჩაერთოს ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით გაზრდილ ძალისხმევაში.

პრეზიდენტის სიტყვა სრულად ნახეთ პრეზიდენტის ვებსაიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი