ახალი ამბები

გარდაიცვალა “ბერლინელი პაციენტი”, რომელიც აივ/შიდსისგან განკურნებული პირველი ადამიანი იყო

30 სექტემბერი, 2020 • 2365
გარდაიცვალა “ბერლინელი პაციენტი”, რომელიც აივ/შიდსისგან განკურნებული პირველი ადამიანი იყო

კალიფორნიაში, საკუთარ სახლში, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ტიმოთი რეი ბრაუნი, რომელიც “ბერლინელი პაციენტის” სახელით იყო ცნობილი. ის იყო პირველი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ოფიციალურად განიკურნა აივ/შიდსისგან. მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე მიელოიდური ლეიკემია გახდა და არა აივ/შიდსი.

ტიმოთი რეი ბრაუნს აივ/შიდსის დიაგნოზი 1995 წელს, ბერლინში ცხოვრებისას დაუსვეს, რის შემდეგაც აღნიშნულ ვირუსზე მკრუნალობდა. მას წლების შემდეგ დაუდგინეს სისხლის კიბოს ერთ-ერთი სახეობის, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი. ლეიკემიის სამკურნალოდ 2007 წელს დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს. აღნიშნულ დონორს აივ/შიდსის მიმართ ჰქონდა ბუნებრივი რეზისტენტობა (ანუ, მის გენს იმგვარი მუტაცია ჰქონდა, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მის ორგანიზმში ვერ აღწევდა).

აღნიშნული დონორის ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ “ბერლინელი პაციენტის” ორგანიზმიდან აივ გაქრა, თუმცა ლეიკემიის სამკურნალოდ 2008 წელს ხელმეორედ დასჭირდა ძვლის ტვინის გადანერგვა. მეორე ტრანსპლანტაციის შემდეგ ტიმოთი რეი ბრაუნის ორგანიზმიდან, სპეციალური ანტირეტროვირუსული მკურნალობის გარეშე, აივ საერთოდ გაქრა, გარდა ამისა, იმ ეტაპისთვის დააამრცხა ლეიკემიაც.

როგორც “ბერლინელი პაციენტი” 2012 წელს BBC-სთან ამბობდა, ტრანსპლანტაციის შემდეგ არ მიუღია აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტები და მიუხედავად ამისა, მის ორგანიზმში ვირუსი არ გამოჩენილა. ჩვეულებრივ შემთხვევაში, აივ დადებითი პირები თუ შეწყვეტენ მკურნალობას, ვირუსი აგრესიულად იწყებს ორგანიზმში ხელახლა გავრცელებას და საბოლოოდ, შეიძლება შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) განვითარდეს.

ტიმოთი რეი ბრაუნის გარდაცვალება გახდა მის ორგანიზმში სიმსივნის ხელახალი გამოჩენა. მეტასტაზები გავრცელდა როგორც თავის, ისე ზურგის ტვინში და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების ამ მიზეზს კავშირი არ ჰქონია აივ/შიდსთან.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტიმოთი ბრაუნის შემთხვევა აჩვენებს გზას აივ/შიდსის განკურნებისკენ და აჩენს იმედს მილიონობით ინფიცირებულისთვის, თუმცა მკურნალობის ამ მეთოდის მასობრივად გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამის მიზეზი არის ის, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა საკმაოდ ძვირადღირებული და ამასთანავე, ურთულესი ოპერაციაა.

მსოფლიოში აივ/შიდსის დიაგნოზი ამ დროისთვის 40 მილიონამდე ადამიანს აქვს დასმული, რაც ასევე წარმოუდგენელს ხდის ყველა მათგანისთვის ძვლის ტვინის გადანერგვით მკურნალობის შესაძლებლობას.

გაიგეთ მეტი აივ/შიდსზე - დააკლიკეთ

აივ ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა.  აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია, არ არის მომაკვდინებელი. ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის უსაფრთხო სექსი პრეზერვატივის გამოყენებით.

აივ/შიდსის ტესტირება და მკურნალობა საქართველოში უფასოა და მას სახელმწიფოსთან ერთად გლობალური ფონდიც აფინანსებს.

შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18

მასალების გადაბეჭდვის წესი