ახალი ამბები

დეპუტატი ერქვანია აბორტის აკრძალვას ითხოვს – რატომ არის ეს პრობლემა

30 სექტემბერი, 2020 • 1440
დეპუტატი ერქვანია აბორტის აკრძალვას ითხოვს – რატომ არის ეს პრობლემა

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც აბორტის აკრძალვასა და აბორტის სისხლის სამართლის დანაშაულად გადაქცევას ითხოვს.

კანონპროექტის ავტორი „ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ერქვანიაა, რომელიც მანამდეც ითხოვდა აბორტის აკრძალვას, თუმცა, ეს ინიციატივა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. 

კონკრეტულად ამ კანონპროექტს რაც შეეხება, მის განხილვას ამჟამინდელი, ანუ მე-9 მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, ვერ მოასწრებს. თუმცა, მანამდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა, რომ საზოგადოება ორიენტირებული უნდა იყოს, აბორტის ოდენობა შემცირდეს, თუმცა არა აკრძალვის, არამედ განათლებისა და ქალების ხელშეწყობის გზით.

“აბორტების აკრძალვამ მოიტანა ის, რომ აბორტებმა გადაინაცვლა იატაკქვეშ და ე.წ. “აბორტმახერების” მთელი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ძალიან დიდი პრობლემები იყო დაკაშირებული სწორედ დედათა სიკვდილობისა და მათი ჯანმრთელობის შეუქცევად გართულებებთან სწორედ იმიტომ, რომ ეს ხდებოდა იატაკქვეშ”, – განმარტავდა ნეტგაზეთთან კაკი ზოიძე.

რას ითხოვს ალექსანდრე ერქვანია?

პარლამენტის საიტზე ატვირთული ახალი კანონპროექტი 22 სექტემბრით თარიღდება, მას ერთადერთი ავტორი ჰყავს – ალექსანდრე ერქვაია.

დოკუმენტის თანახმად, ერქვაიას უნდა, რომ ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.

„აღნიშნული ქმედება ხდება დასჯადი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით“, – წერია კანონპროექტში.

რატომ არ არის აბორტის აკრძალვა გამოსავალი

„სრულიად გაუგებარია ხოლმე, ასევე გაუგებარი დეპუტატები რატომ გამოდიან პერიოდულად ამ ინიციატივით მაშინ, როდესაც აბორტი ნამდვილად არის როგორც უფლებრივი, ასევე ჯანდაცვის ის საკითხი, რომელზეც ჩვენს სახელმწიფოში ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმებულია. ყველა თანხმდება – ქალის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ აბორტი ლეგალურად ხელმისაწვდომი იყოს“, – ამბობს ნეტგაზეთთან „საფარის“ ხელმძღვანელი და უფლებადამცველი ბაია პატარაია.

მისი განმარტებით, არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ აბორტის აკრძალვას ყოველთვის ბევრი საფრთხე მოჰყვება, მათ შორის, ეწირება ქალთა სიცოცხლეებიც – „ვინაიდან ასეთ დროს, აბორტი არალეგალურ, მიწისქვეშა სივრცეში გადადის, სადაც პირობები სიცოცხლისთვის საშიშია“.

ბაია პატარაია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ამგვარი კანონპროექტების შეტანის მოტივაცია, თუმცა:

„ასეთ დრო, ხშირად სახელდება, რომ თითქოს ისინი ზრუნავენ დემოგრაფიაზე. თუ ეს მართლაც ასეა, მე შევახსენებ, რომ დემოგრაფიაზე ზრუნვას სჭირდება დედისა და მშობლის უფლებების დაცვა და მათ შორის, ბავშვებზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყანაში, სადაც ათასობით ბავშვი სიღარიბისგან შიმშილობს“,- ამბობს ის.

უფლებადამცველი დასძენს, რომ ქალებს საქართველოში ეკონომიკური სირთულეების გამო ხშირად ქვეყნის დატოვება უწევთ, ხოლო ორსულებისთვის დასაქმება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. პრობლემურია ასევე დეკრეტული შვებულებაც – „ამიტომ, თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ქალებმა მეტი ბავშვი გააჩინონ და მეტი ბავშვი იყოლიონ, ხელი უნდა შეუწონ მათ, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით,“.

პატარაია გვიყვება, რომ საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს არ უნდა, ქვეყანაში სქესობრივი განათლება არსებობდეს. შესაბამისად, დიდია არაინფორმირებულობა საკითხზე, რაც საბოლოოდ არასასრუველ ორსულობას იწვევს.

პარალელურად, იმის გამო, რომ ქვეყანაში კონტრაცეფცია და აბორტი ძვირი პროცედურაა, ქალების ნაწილი თვითნებურად სვამენ მედიკამენტებს – „ეწყებათ სისხლდენა და დგება სავალალო შედეგი, ვინაიდან, ხელმისაწვდომობა არ არის“.

„ჩვენ თუ გვინდა, ზოგადად, აბორტი შემცირდეს და მათ შორის, მეც მინდა, რომ აბორტის რაოდენობა ნაკლები იყოს –  მაშინ, ერთი მხრივ, უნდა არსებობდეს სქესობრივი განათლება, მეორე მხრივ კი, კონტრაცეპტივები ხელმისაწვდომი გახდეს. არავინ ზრუნავს, რომ კონტრაცეპტივი იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ, სამწუხაროდ, ოჯახის დაგეგმვის ყველაზე პოპულარულ საშუალებად ისევ რჩება აბორტი“, – ამბობს ის.

რაც შეეხება კანონპროექტს, პატარაია დასძენს, რომ არჩევნების წინ აბორტის აკრძალვა „პოპულისტებისა და რადიკალური ჯგუფების საყვარელი თემაა. პოპულისტური თავის გამოჩენის ამბავია. მისივე აზრით, პარლამენტი ამ შემადგენლობით, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას,“.


ქართული კანონმდებლობა აღიარებს ქალის უფლებას, გაიკეთოს აბორტი, თუმცა, რიგი შეზღუდვებით. კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” ვკითხულობთ:

“12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით”. 

წაიკითხეთ ასევე:

“აბორტი ქალის ფუნდამენტური უფლებაა” – ორი ქალის ისტორია

როგორ აკონტროლებენ საქართველოში ქალთა სექსუალობასა და რეპროდუქციას

მასალების გადაბეჭდვის წესი