ახალი ამბები

როგორ აკონტროლებენ საქართველოში ქალთა სექსუალობასა და რეპროდუქციას

3 აპრილი, 2020 • 2138
როგორ აკონტროლებენ საქართველოში ქალთა სექსუალობასა და რეპროდუქციას

ე.წ. ქალიშვილობის ტესტი, ქალთა სტერილიზაცია და ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის უფლება – ეს ის საკითხებია, რომლებიც კვლავ პრობლემურად რჩება საქართველოში.

სახალხო დამცველი თავის ანგარიშში სწორედ ამგვარ პრაქტიკებზე საუბრობს და ამბობს, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი პირდაპირ კავშირშია ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან.

“ამდენად, ქალთა უფლებები მოიცავს უფლებას, დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე აკონტროლონ საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით,“

ახალი დოკუმენტი, რომლის საანგარიშო პერიოდი 2019 წელია, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას იკვლევს. მასში ცალკეა გამოყოფილი ქალთა თანასწორუფლებიანობის საკითხი.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არსებობის აუცილებლობაზე; ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) საკითხსა და ე. წ. ქალიშვილობის ტესტის პრაქტიკაზე.

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის უფლება

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სერვისებზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლება ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, გარდა სამედიცინო მიზეზებისა, შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ორსულობა არის გაუპატიურების შედეგი. თუმცა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა ორსულობის პერიოდსაც გადააჭარბოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მოექცეს არა ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში, არამედ გათვალისწინებული იყოს სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ამ მოვლენის მიმართ საზოგადოების ნაწილში არსებული სტიგმა და, ამ მხრივ, მსხვერპლის საჭიროებებზე მორგებული მიდგომის აუცილებლობა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვა

ამასთანავე, ომბუდსმენი ამბობს, რომ ცალკეული საკითხები, რომლებიც რეგულირებულია საკანონმდებლო დონეზე, პრაქტიკაში დისკრიმინაციულად სრულდება.

მაგალითად, საზოგადოებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ქალისა და კაცისათვის მისაღები ქცევის სტანდარტი და განსაზღვრული სოციალურ-კულტურული როლები არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ქალებს და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების გამოყენების თვალსაზრისით მათ ბარიერებს უქმნის.

„ერთ-ერთი მსგავსი დაბრკოლებაა ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) შემთხვევაში მისი მეუღლის/პარტნიორის თანხმობის მოთხოვნა, როგორც პროცედურის ჩატარების წინაპირობა.

მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის ანდა პარტნიორის თანხმობის ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილი არ არის, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებები თვითნებურად ითხოვენ მეუღლის/პარტნიორის თანხმობას, რაც ქალის თავისუფალ არჩევანში ჩარევასა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ე.წ. ქალიშვილობის ტესტი

ომბუდსმენის ანგარიშში საუბარია აგრეთვე ე.წ. ქალიშვილობის ტესტზე, რომელიც ასევე ემსახურება ქალის სექსუალობის კონტროლს. კერძოდ, ე.წ. ქალიშვილობაზე ტესტს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მაგრამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ასეთ ტესტებს ატარებს, რომელსაც ჰქვია „სქესობრივი ხასიათის ქმედების შემთხვევაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა“.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკური პირები, შესაძლოა, ასეთ ტესტებს ბოროტად იყენებდნენ.

სახალხო დამცველის თქმით, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ქალთა უფლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფიზიკური პირის მიერ ექსპერტიზის დაკვეთისას, განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგეს მისი ნების ნამდვილობას, ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უარი განუცხადოს პროცედურის ჩატარებაზე და დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი