ახალი ამბები

რა აჩვენა CRRC-ის კვლევამ ნარკოტიკით ონლაინ ვაჭრობაზე საქართველოში

29 სექტემბერი, 2020 • 1690
რა აჩვენა CRRC-ის კვლევამ ნარკოტიკით ონლაინ ვაჭრობაზე საქართველოში

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – CRRC აქვეყნებს კვლევის ანგარიშს საქართველოში უკანონო ნარკოტიკების ონლაინ ბაზრების შესახებ. 

შსს-ს მიერ არაერთხელ გამოვლენილი სქემის მიხედვით, ონლაინ-პლატფორმებზე, მათ შორის კრიპტო-ვალუტების გამოყენებით, შეძენილი უკანონო ნარკოტიკული ნივთიერებები მომხმარებლებს წინასწარ შერჩეულ სამალავებში ხვდებათ, რომელთა ადგილ-მდებარეობის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ ეგზავნებათ. 

CRRC-ის მიერ გავრცელებული ანგარიში უშუალოდ შეისწავლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უცხოურ ონლაინ-პლატფორმას, რომელიც კრიპტო-ვალუტების გამოყენებით საქართველოშიც ყიდის სხვადასხვა უკანონო ნარკოტიკს, მათ შორის, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ანგარიში არ ფარავს სხვა, მათ შორის მესენჯერ პლატფორმებს, რომლებიც ასევა ნარკოტიკის გავრცელების წყარო.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, შერჩეული პლატრფორმიდან საქართველოში ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებული ბრუნვა, საშუალოდ, დღიურად აღემატება 8 000 ამერიკულ დოლარს, გარდა ამისა:

  • საშუალოდ, დღიურად, 35 000 ამერიკული დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები თავსდება წინასწარ შერჩეულ სამალავებში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში; 
  • საქართველოში არსებული კრიპტო-ბაზრების თვიური შემოსავლები აღემატება ესპანეთისა და ბელგიის მსგავსი პლატფორმების  გაერთიანებულ შემოსავლებს;
  • დღიური საშუალო შემოსავალი განახევრდა ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად და ნაცვლად კრიზისამდე არსებული 15 000 აშშ დოლარისა, გახდა 7,500 დოლარი. 

ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს თავად ნარკოტიკების ნაირგვარობაზე.

  • ონლაინ-პლატფორმებზე გაყიდული ნარკოტიკების უმეტესობა არის კოკაინი, MDMA, და მარიხუანა, ამ უკანასკნელის წილი 56%-ია;
  • რიგი შემოთავაზებული ნარკოტიკების დაფასოება იძლევა გადაყიდვის შესაძლებლობას (განსაკუთრებით MDMA-ს ტაბლეტები და 25i-NBOme), თუმცა უმეტესობა მათგანი პერსონალური გამოყენებისთვისაა;
  • კოკაინის წილი შემოსავლებში შეადგენს თითქმის მეოთხედს და წარმოადგენს რიგით მეორე უდიდეს ნივთიერებას ტრანზაქციების კუთხით. ეს მიგნება ეწინააღმდეგება სხვა კვლევებს, რომელთა მიხედვითაც საქართველოში კოკაინის მოხმარება შეზღუდულია;
  • ონლაინ-პლატფორმაზე არ განუთავსებიათ სინთეყტიკური კანაბისის შეთავაზება ექვსი თვის განმავლობაში, სავარაუდოა, რომ არასინთეტიკური მარიხუანის ხელმისაწვდომობამ შეამცირა სინთეტიკურ ანალოგზე მოთხოვნა;
  • MDMA-ს ტაბლეტები (იგივე ექსტაზი) შემოთავაზებულია განსაკუთრებულად საშიში მაღალი დოზირებებით;
  • დაახლოებით 12% საიტის შემოსავლების მოდის დაფხვნილ მეტადონზე, რომელიც განსაკუთრებულად ძლიერ სინთეტიკურ ნარკოტიკს წარმოადგენს; 
  • 25iNBOMe, რომელიც წარმოადგენს ახალ ფსიქოდელიკურ ნივთიერებას, შემოთავაზებულია დაბალ ფასად და დიდი რაოდენობით; 
  • ონლაინ-პლატფორმაზე ასევე იყიდება Alpha-PVP, რომელიც არის არაპროგნოზირებადი სტიმულატორი და რომელსაც ახასიათებს მასზე დამოკიდებულება. 

ანგარიშში ასევე შესულია რეკომენდაციები.

  • ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის მუშაკები უნდა იყვნენ აღჭურვილი იმისათვის, რომ იდენტიფიცირება მოახდინონ, მართონ და გაუმკლავდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებებისგან, მათ შორის 25I-NBOMe და Alpha-PVP-გან მიყენებულ ზიანს;
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიები მიმართული უნდა იყოს მომხმარებლებზე, რათა შემცირდეს დოზირების გადამეტების რისკები. ნარკოტიკებით სარგებლობის შემთხვევაში, მხარდაჭერილი იყოს მხოლოდ უსაფრთხო გამოყენება და ნარკოტიკების იდენტიფიცირება და არ მოხდეს მათი შერევა;
  • გამომდინარე იქიდან, რომ მარიხუანის შეძენის მსურველებს პროდუქტის შერჩევისას უწევთ უფრო სახიფათო ნივთიერებების ხილვაც, სანამ ნაკლებად მძიმე ნარკოტიკებს ნახავენ, მარიხუანის ლეგალური გზით შეძენის დაშვება შეამცირებდა ონლაინ-პლატფორმის მომხმარებელთა რიცხვს, ასევე, შეამცირებდა პოტენციალს, რომ მარიხუანის მომხმარებლებს გაესინჯათ სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც საიტზეა. 

კვლევა 5 თებერვლიდან 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა. მონაცემები ონლაინ-პლატფორმიდან დღეში ხუთჯერ გროვდებოდა და შეიცავდა ინფორმაციას პროდუქტის აღწერის, ფასის, რაოდენობის, გამყიდველისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი