ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დეპუტატთა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს

29 სექტემბერი, 2020 • 1873
დეპუტატთა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ხელახალი გააქტიურების ფონზე, საქართველოს პარლამენტის, სულ მცირე, სამმა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა ან ერთ, ან მეორე მხარეს.

მსგავსი განცხადებები გააკეთა დეპუტატობის კიდევ რამდენიმე კანდიდატმა. აღნიშნული პოლიტიკოსები არიან როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წევრები.

დეპუტატები

27 სექტემბერს, იმავე დღეს, როდესაც დაძაბულობა გამწვავდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარნეულის მაჟორიტარმა რუსლან გაჯიევმა ფეისბუკ-პოსტში „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმატებული ოპერაცია“ უწოდა განვითარებულ მოვლენებს.

გაჯიევის თქმით, ეს „წარმატებული ოპერაცია“ არის საფუძველი იმისა, რომ ითქვას, „ასეთი კონფლიქტები ჩვენს რეგიონში მალე მოგვარდება“.

„მჯერა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მალე მოიტანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მსგავსად გადაწყვეტას“, – დაწერა მან. მისი პოსტი მარნეულის სათემო რადიომ გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ წევრმა, მოქმედმა პარლამენტარმა ენზელ მკოიანმა, რომელიც მომავალ არჩევნებში უკვე პარტიისგან დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ყარაბაღში მცხოვრებლებს გამოუცხადა მხარდაჭერა.

„თანადგომას ვუცხადებთ ყარაბახის მოსახლეობას. სომხეთის ხელმძღვანელობის სიტყვების თანახმად, არცახის [არწახი არის ყარაბაღის სომხური დასახელება] დაცვა საიმედო ხელშია“, – დაწერა მკოიანმა 28 სექტემბერს ფეისბუკზე.

ამავე დროს, მკოიანმა ახალგაზრდებს მოუწოდა: „საჭიროებების გარეშე არ გადადგათ გარკვეული ნაბიჯები და ხელი არ შეუშალოთ სომხეთის დაცვის არმიას თავისი წმინდა მისიის შესრულებაში“.

რადიო „მარნეულის“ ცნობით, კიდევ ერთმა პარლამენტარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზერ სულეიმანოვმა გამოაქვეყნა მიმართვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელზე და აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამ მიმართვაში სულეიმანოვი წერს, რომ საქართველოში მისი თანამოქალაქეები, „ისევე, როგორც 1990-იან წლებში იღებდნენ მონაწილეობას აფხაზეთისა და ყარაბაღის ომებში, მზად არიან, მიიღონ ნებისმიერი გამოწვევა, რაც … აზერბაიჯანის და … საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უდგას წინ“.

„გვჯერა, რომ თქვენი … ნაბიჯების შედეგად, ჩვენი მიწები მალე გათავისუფლდება“, – მიმართა სულეიმანოვმა ალიევს.

კანდიდატები

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნინოწმინდა-ახალქალაქში, მელიქ რაისიანმა ფეისბუკ-პოსტში 27 სექტემბრიდან დაწყებულ მოვლენებს „აზერბაიჯანის მორიგი სისხლიანი პროვოკაცია“ უწოდა და ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა სომხურ შეიარაღებულ ძალებს.

რაისიანმა დაწერა, რომ „ჩვენ მზად ვართ, თუკი არსებობს ამის საჭიროება, რომ ხელში იარაღი ავიღოთ“. მის კომენტარს სომხურენოვანი გამოცემა JNews.ge ავრცელებს.

რაისიანის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა კი მხარდაჭერა აზერბაიჯანულ მხარეს გამოუცხადა.

კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა და დეპუტატობის კანდიდატმა სამველ პეტროსიანმა მხარდაჭერა სომხეთს გამოუცხადა, თუმცა თქვა:

„ჩვენ, სომხები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და ვართ საქართველოს მოქალაქეები, ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აქ სიტუაცია არ გამწვავდეს და სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობა არ დაიძაბოს“.

ამავე დროს, მან გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის წევრები აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო: „მათ განაცხადეს, რომ სომხეთი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, ჩვენ კი ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქართველოსთვის საფრთხეს აზერბაიჯანი წარმოადგენს, რადგან დღეს აზერბაიჯანს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, სადაც მდებარეობს საქართველოს ისტორიული ძეგლი დავითგარეჯა“, – დაწერა სამველ პეტროსიანმა. მის კომენტარსაც Jnews ავრცელებს.

საქართველოს პოზიცია

საქართველო, ტრადიციულად, კონფლიქტში შეძლებისდაგვარად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. საქართველოს არაერთხელ აქვს დეკლარირებული, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს და სტაბილურობაზე აკეთებს აქცენტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებით აკვირდება მორიგ სამხედრო გამწვავებას და იმედი გამოთქვა, რომ „მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმაც გამოაცხადა, რომ შეშფოთებულია შეტაკებების განახლებით: „მოვუწოდებთ [მხარეებს] მშვიდობიანობისკენ. ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს“, – დაწერა მან ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი