ნეტგაზეთი | ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა – სააკაშვილის გამოხმაურება კონფლიქტზე ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა – სააკაშვილის გამოხმაურება კონფლიქტზე – Netgazeti
RU | GE  

ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა – სააკაშვილის გამოხმაურება კონფლიქტზე

„ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას“, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირებების განახლებას.

„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, — ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.

„რა თქმა უნდა, ამავე დროს, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული“, – წერს იგი.

სააკაშვილმა ასევე დაწერა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები „ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა“, ამიტომ „დიდი გულისტკივილით“ ადევნებს თვალყურს „ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას“.

ბოლოში სააკაშვილმა დაწერა, რომ „საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში“ და „ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა“. მისი თქმითვე, „მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ“.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განაცხადა, რომ შეშფოთებით აკვირდება მორიგ სამხედრო გამწვავებას.

საქართველომ იმედი გამოთქვა, რომ „მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება“.

„ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას“, – წერია განცხადებაში.

განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ საქართველოს ოპოზიციური პარტიებიდანაც. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ამ დილას განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს  მშვიდობიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს და, ამავე დროს, რამდენიმე სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

გირჩევთ:

რა ხდება ყარაბაღში – განახლებადი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com