ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს” – აჰმედ იმამყულიევი

28 სექტემბერი, 2020 • 1067
“ევროპული საქართველოს” აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს” – აჰმედ იმამყულიევი

გარდაბანსა და მარნეულში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის თქმით, პარტიის ერთ-ერთ აქტივისტს სოფელ სადახლოში ტირის თოფიდან ესროლეს. როგორც იმამყულიევმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, აქტივისტს ტყვია საარჩევნო ბანერის გაკვრის პროცესში, ფეხში მოხდვა.

“ტირის თოფიდან არის ნასროლი, ტყვიაც ვიპოვეთ იქვე. ამ ეტაპზე კარგად არის, უბრალოდ, აქვს გამწვანებული და იყო გასისხლიანებულიც, როგორც ვნახე სურათები. ექიმმა შეამოწმა და ახლა კარგად არის, უბრალოდ, სტკივა ფეხი”, – განაცახადა იმამყულიევმა.

მისი თქმით, აქტივისტს არ დაუნახავს, თუ ვინ ესროლა ტყვია, თუმცა იმამყულიევი ამ ფაქტს “ქართულ ოცნების” მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი