Interviewsახალი ამბები

მდინარაძე ბოლნისის ინციდენტში ენმ-ს ადანაშაულებს

28 სექტემბერი, 2020 • 828
მდინარაძე ბოლნისის ინციდენტში ენმ-ს ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ წამოეგონ. ამის შესახებ მან დღეს, 28 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბოლო დღეებში ბოლნისში ენმ-სა და “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

როგორც მდინარაძე ამბობს, რეალურად, ენმ-ის წარმომადგენლები როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში, მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა.

“მაგალითისათვის, გუშინ ნახიბულაში საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ, ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია “ქართული ოცნების” აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. თუმცა კონფლიქტის ესკალაცია “ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ენმ-ის აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ ჩვენი გუნდის წევრებს, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. კონფლიქტი ამის შემდეგ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი გადაყვანილია საავადამყოფოში, მათ აქვთ დაზიანებები მიღებული”, — განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულები და ამიტომ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ენმ-ის “პროვოკაციებზე” თავი უნდა შეიკავონ, რადგან “პასუხისმგებლიან გუნდს” წარმოადგენენ.

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ საარჩევნო პროცესებისა და ქვეყნის დაზიანების საშუალებას არ მივცეთ. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და ვთხოვთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირიებისგან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებისგან ველით, რომ თითოეული ფაქტი იქნება გულდასმით შესწავლილი და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ექნება მყისიერი რეაგირება”, — განაცხადა მდინარაძემ.

ბოლნისში დღეს საპროტესტრო აქცია გაიმართა, რომელშიც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათი მხარდაჭერები მონაწილეობდნენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ბოლო ერთი კვირაა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური მოტივებით თავდასხმები და ინფრასტრუქტურის გაფუჭება გახშირდა. პარალელურად, იმავე ბრალდებებზე საუბრობს “ქართული ოცნებაც”, ოღონდ ამ ყველაფერში ბრალს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს აკისრებს.

დაპირისპირება ბოლნისში – ოცნებისა და ოპოზიციის წევრები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი