ახალი ამბები

„ბოლო ერთი კვირაა, გახშირდა თავდასხმები“ – ბოლნისში საპროტესტო აქცია გაიმართა

28 სექტემბერი, 2020 • 1578
„ბოლო ერთი კვირაა, გახშირდა თავდასხმები“ – ბოლნისში საპროტესტო აქცია გაიმართა

დღეს ბოლნისში საპროტესტრო აქცია გაიმართა, რომელშიც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათი მხარდაჭერები მონაწილეობდნენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ბოლო ერთი კვირაა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გახშირდა პოლიტიკური მოტივებით თავდასხმები და ინფრასტრუქტურის გაფუჭება. პარალელურად, იმავე ბრალდებებზე საუბრობს “ქართული ოცნებაც”, ოღონდ ამ ყველაფერში ბრალს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს აკისრებს.

რას ყვებიან პარტიები?

ნეტგაზეთთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ბოლო 1 კვირაა, მუნიციპალიტეტში გახშირდათავდასხმის, დარბევისა და საარჩევნო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები. ამ ყველაფერს პარტიაში მუნიციპალიტეტის ამჟამინდელ დეპუტატს და “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს უკავშირებენ. როგორც შაშკინი ამბობს, აღნიშული ქმედებები “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბოლნისის რაიონში – ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა და დმანისში – თარეშობს ე.წ. ბანდა, რომელსაც ხელმძღვანელობს დეპუტატობის კანდიდატის ძმა. დაახლოებით 50 ადამიანი აშინებს ხალხს, უვარდება სახლებში,რესტორნებში და ა.შ. სცემენ ხალხს, ანადგურებენ ოფისებს.. ერთი კვირის განმავლობაში.

გუშინწინ თეთრიწყაროში სპეციალური მოწყობილობით მოჭრეს ბილბორდის ბოძი. კახა ოქრიაშვილის ბილბორდი იყო და ბოძი მოჭრეს. პლაკატის დახევებზე ხომ არ არის საუბარი. სამი დღის წინ დაარბიეს ნაცმოძრაობის ოფისი, დაარბიეს კახა ოქრიაშვილის ოფისი, დაარბიეს გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი და ა.შ.“, – ამბობს ნეტგაზეთთან დიმიტრი შაშკინი.

მისი თქმით, გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც ჩაიხანაში ორი პარტიის მხარდამჭერებს შორის ჩხუბი მოხდა, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. შაშკინის ინფორმაციით, ისინი ითხოვენ, რომ “გოგი მეშველიანი საერთოდ წავიდეს რაიონიდან“. შაშკინი აქვე დასძენს, რომ სამართალდამცველები ზემოხსენებულ საქმეებს არ იძიებენ. გარდა ამისა, იყო შემთხვევაც, როდესაც კამერების წინ ჟურნალისტსაც დაემუქრნენ, თუმცა რეაგირება ამას არ მოჰყოლია.

რაც შეეხება დღევანდელ პროტესტს, შაშკინის განმარტებით, მხარდამჭერები, მათ შორის, ვეტერანები, რეგიონში თბილისიდანაც ჩავიდნენ და თავიანთი პოზიცია გამოხატეს.

ნეტგაზეტი ასევე ესაუბრა “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოგი მეშველიანს, რომელმაც უარყო, რომ რაიმე კავშირი აქვს დანაშაულებრივ ქმედებებთან და პროვოკაციებში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაადანაშაულა.

„ყველა გაჟღერებულ აბსურდულ ინფორმაციაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ პოლიტიკურ ძალას, იმდენი ბოროტება აქვს გაკეთებული, რომ არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მოქალაქემ რაღაც აგრესია გამოხატოს მათ მიმართ. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერ გავაკონტროლებ და ნურც ჩემს სახელს ნუ დაუკავშირებენ.

ჰკითხეთ კონკრეტულ ქმედებაში ჩართულ მოქალაქეებს – ვინ რატომ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამ პოლიტიკური ძალის მიმართ“, – ამბობს ნეტგაზეთთან მეშველიანი.

ჩვენს კითხვაზე, ბოლო პერიოდში გახშირდა თუ არა პოლიტიკური მოტივით დაპირისპირებები, მეშველიანი გვპასუხობს, რომ – „ბოლო პერიოდში მოხშირდა პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან,”.

ამავე თემაზე:

დაპირისპირება ბოლნისში – ოცნებისა და ოპოზიციის წევრები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი