ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საჭიროა მშვიდობის მხარდამჭერი პოზიცია და გეგმა რამდენიმე სცენარისთვის – კაპანაძე ყარაბაღზე

28 სექტემბერი, 2020 •
საჭიროა მშვიდობის მხარდამჭერი პოზიცია და გეგმა რამდენიმე სცენარისთვის – კაპანაძე ყარაბაღზე

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მშვიდობიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს და, ამავე დროს, რამდენიმე სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარისათვის უნდა იყოს მზად და რამდენიმე ალტერნატივა უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რადგან „ომის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი შეიძლება“ განვითარდეს.

„ბუნებრივია, ეს უსუსური და უმაქნისი ხელისუფლება ამას ვერ იზამს, მაგრამ ახლა ყველა ჩვენგანის ამოცანა უნდა იყოს, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და შემდეგმა ხელისუფლებამ, მათ შორის სტრატეგიული ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები, უნდა აიღოს საკუათარ თავზე და ივანიშვილი და მისი დამქაშები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, გარდა ეროვნული ინტერესების დაცვისა, უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, – განაცხადა მან.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს პოზიცია მშვიდობის მხარდასაჭერი, მეტი ესკალაციის არდაშვების მხარდასაჭერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ომში, მე არ ვიცი, გამარჯვებული ვინ იქნება, თუმცა დამარცხებული შეიძლება ნამდვილად გამოვიდეს საქართველო“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

საქართველოს ხელისუფლებამ, — საგარეო საქმეთა სამინისტრომ, — განაცხადა, რომ შეშფოთებით აკვირდება მორიგ სამხედრო გამწვავებას და იმედი გამოთქვა, რომ „მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება“.

„ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას“, – წერია განცხადებაში.

რა ხდება ყარაბაღში – განახლებადი

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი