ახალი ამბები

ვთანხმდებით ექსტრაორდინარულ რეფორმებზე – 5 პარტიის მემორანდუმი ეკონომიკაზე

28 სექტემბერი, 2020 • 3239
ვთანხმდებით ექსტრაორდინარულ რეფორმებზე – 5 პარტიის მემორანდუმი ეკონომიკაზე

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რითაც შეთანხმდნენ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკასა და განათლების სფეროებში რეფორმების საერთო გეგმაზე.

ეს პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ [ნინო ბურჯანაძე].

როგორც პარტიებმა განაცხადეს, ეს არის ოპოზიციური შეთანხმების მესამე ნაწილი. პირველი და მეორე ნაწილები შეეხება სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულების სფეროებში რეფორმებს.

როგორც გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განაცხადა, მემორანდუმის მიზანია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო სწრაფად გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან.

„ნეტგაზეთს“ სტრატეგია აღმაშენებლის პრესსამსახურიდან მიაწოდეს მემორანდუის ტექსტი.

ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ მმართველი გუნდის „დამარცხების შემდეგ“, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, „ქვეყნის მომავლის რწმენის დასაბრუნებლად, საქართველოს მოქალაქეებში და უცხოელ ინვესტორებში ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად ეკონომიკისა და განათლების სფეროებში“ განახორციელებენ „ექსტრაორდინალურ რეფორმებს“.

მათი გეგმაა „მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნება“. კერძოდ:

  1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;
  2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც, ფაქტობრივად, სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;
  3. სახელმწიფო საკუთრება – საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება. მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება

ამას გარდა, გეგმა ითვალისწინებს „მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირებას“:

  1. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-დე;
  2. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები;

განათლების სფეროში კი პირობას დებენ, რომ:

  1. კერძო განათლება სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება;
  2. საჯარო სკოლები მიიღებენ ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას;

პარტიების ეკონომიკური პროგრამების ანალიზს „ნეტგაზეთი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გარეკანის ფოტო: საქართველოს პირველი არხი

გირჩევთ, წაიკითხოთ:

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

დაშლილი სუს-ი და შერიფები საქართველოში – ოპოზიციური თანხმობა მართლმსაჯულების რეფორმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი