ახალი ამბები

გარეშე მხარეთა ჩარევა გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას – აშშ ყარაბაღზე

28 სექტემბერი, 2020 • 1194
გარეშე მხარეთა ჩარევა გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას – აშშ ყარაბაღზე

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენებით და აცხადებს, რომ გარე ძალების მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად დაძაბავს რეგიონში ვითარებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს განვითარებულ მოვლენებს.

მისი განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგუნმა დაურეკა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ზოჰრაბ მნაცაკანიანს, და მოუწოდა ორივე მხარეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

მან მხარეებს მოუწოდა, „გამოიყენონ პირდაპირი საკომუნიკაციო კავშირები, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაცია, უსარგებლო რიტორიკა და ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ზრდის დაძაბულობას ადგილზე“.

„შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ გარეშე მხარეთა მონაწილეობა მწვავე ძალადობაში იქნება ღრმად გამოუსადეგარი და მხოლოდ გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას. ჩვენ მხარეებს ვურჩევთ, იმუშავონ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებთან, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს“, – წერია განცხადებაში.

აშშ, რომელიც საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად თავმჯდომარეობს მინსკის ჯუფს, სამძიმარს უცხადებს ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

განვითარებულ მოვლენებს, სხვა ქვეყნებთან ერთად, გამოეხმაურნენ რუსეთი და თურქეთი.


ნახეთ ასევე:

ყარაბაღში საომარი სიტუაცია გამოცხადდა, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი