ახალი ამბები

ცერცვაძის აზრით, საქართველო პანდემიის ფონზე არჩევნებს სანიმუშოდ ჩაატარებს

26 სექტემბერი, 2020 • 1021
ცერცვაძის აზრით, საქართველო პანდემიის ფონზე არჩევნებს სანიმუშოდ ჩაატარებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში COVID-19 შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო შიდა შეზღუდვების მოხსნისა და მობილობის გააქტიურების ფონზე.

ცერცვაძის თქმით, ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია, რაც რეალობას არ შეესაბამება. ცერცვაძე მკრეხელობად მიიჩნევს, როდესაც ცალკეული ადამიანები გარდაცვალების “დღეში ერთეულ შემთხვევებს ნახტომისებურ ზრდას უწოდებენ”.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია, პასუხს სთხოვს ქვეყნის ხელისუფლებას ისე, რომ არ უნდა, თვალი გაუსწოროს სინამდვილეს, თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ისინი შეუძლებელს ითხოვენ – რომ, ერთი მხრივ, ქვეყანაში არ არსებობდეს COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და მეორე მხრივ, არ იყოს არანაირი შეზღუდვები და სავალდებულო რეგულაციები, განახლდეს ფრენები, ქორწილები, ქელეხები და სხვ. ქვეყნის ხელმძღვანელობის ამოცანაა, მოახდინოს პანდემიით გამოწვეული ზიანის და დანაკარგების მინიმიზაცია, რასაც ისინი დღემდე დიდი წარმატებით აკეთებენ, თან ისე, რომ მინიმალური დისკომფორტი შეექმნას მოსახლეობას, ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კამპანიას და საკუთრივ არჩევნებს და ეს მაშინ, როცა პანდემიის გამო 2020 წლის თებერვლიდან დღემდე 70-ზე მეტმა ქვეყანამ ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნების/რეფერენდუმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო”, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელიც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

26 სექტემბრისთვის საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების 28 შემთხვევაა დაფიქსირებულია, რაც, ინფიცირებულთა მხოლოდ 0.56%-ს შეადგენს და ცერცვაძის თქმით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და თითქმის უტოლდება პანდემიური გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელს.

“საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ით 7 გარდაცვლილი მოდის და ეს მაჩვენებელი 90-ჯერ ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში, 83-ჯერ ნაკლები – ვიდრე შვედეთში, 95-ჯერ ნაკლები – ვიდრე ესპანეთში, 88-ჯერ ნაკლები – ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 85-ჯერ ნაკლები – ვიდრე იტალიაში, 69-ჯერ ნაკლები – ვიდრე საფრანგეთში, 20-ჯერ ნაკლები – ვიდრე რუსეთში, 16-ჯერ ნაკლები – ვიდრე გერმანიაში, 46-ჯერ ნაკლები – ვიდრე სომხეთში, 8-ჯერ ნაკლები – ვიდრე აზერბაიჯანში, 13-ჯერ ნაკლები ვიდრე – თურქეთში, 22-ჯერ ნაკლები – ვიდრე ისრაელში და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებასა და მონაცემების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილნი”, – ამბობს ცერცვაძე.

ცერცვაძის შეფასებით, საქართველომ COVID -19-ით ავადობის და ლეტალობის შემთხვევების ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია არა „ლოქდაუნების“ და „დრაკონული ზომების“ გამოყენებით, არამედ სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების საათივით გამართული, სწორი და ეფექტიანი მუშაობით.

“საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში – მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ – ეკონომიკა“. მაგრამ აქაც ქვეყანამ გამოავლინა კრიზისული სიტუაციის, მათ შორის, ეკონომიკის მართვის შესაშური უნარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ეკონომიკის ვარდნა არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ევროპის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. Global Economic Prospects-ის ივნისის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის მოცულობა საშუალოდ 9.1%-ით შემცირდება, აშშ-ში – 6.1%, იაპონიაში – 6.1%, ხოლო საქართველოში – 4.8%. ყველაფერს დააგვირგვინებს ის ფაქტი, რომ საქართველო, დიდი ალბათობით, შევა ისტორიაში როგორც ქვეყანა, რომელმაც პანდემიის ფონზე სანიმუშოდ ჩაატარა არჩევნები. ამდენად, ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ”, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 960 შეადგინა. სულ კოვიდ-19-ით საქართველოში 28 პაციენტი გარდაიცვალა.

26 სექტემბერი: კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი