ახალი ამბები

ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება – სუსი

25 სექტემბერი, 2020 • 561
ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ცხინვალიდან რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულ ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება.

მღებრიშვილი ოსურმა მხარემ 16 ივლისს დააკავა და მას „ღამურებით ვაჭრობაში“ ადანაშაულებდა.

„რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგროც თვითონ განაცხადა, ამ ეტაპზე არის კარგი.

გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება კარანტინში გადაყვანას, ამიტომ არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება, მაგრამ საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ ეს საშუალება გვექნება და, შესაბამისად, გვექნება მეტი ინფორმაცია უკანონო პატიმრობაში მის ყოფნასთან დაკავშირებით“, – თქვა ანთაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე განმარტებით, მღებრიშვილს „ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება“, საკარანტინე პერიოდის დასრულების შემდეგ კი უწყება მას დეტალურად გაესაუბრება, მათ შორის, სხვა უკანონო პატიმრებთან დაკავშირებითაც.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს,  დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ უნდა გაეყიდა. ბრალდებას თბილისში აბსურდულს უწოდებენ.

21 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამ დრომდე გაურკვეველია კიდევ ერთი დაკავებულის, ზაზა გახელაძის ბედი. მღებრიშვილის მსგავსად, ისიც უკვე რამდენიმე თვეა ცხინვალშია დაპატიმრებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი