ახალი ამბები

სამადაშვილი VS ჯაფარიძე – “ენმ-ის ამომრჩევლის შეურაცხყოფას ვერ მოვითმენთ”

25 სექტემბერი, 2020 • 930
სამადაშვილი VS ჯაფარიძე – “ენმ-ის ამომრჩევლის შეურაცხყოფას ვერ მოვითმენთ”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი “გირჩის”  ლიდერს სთხოვს განუმარტოს ენმ-ის ამომრჩეველს, რატომ არ არის მისთვის მნიშვნელოვანი მათი საარჩევნო ხმა.

როგორც დღეს, 25 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე სამადაშვილმა თქვა, ზურაბ ჯაფარიძეს შეუძლია ბოდიში მოიხადოს, თუ თვლის, რომ მისი განცხადება არასწორი იყო.

საუბარია 23 სექტემბერს “ტვ პირველის” ეთერში გასულ გადაცემაზე “საჯარო პოლიტიკა”, სადაც ჯაფარიძემ სტუდიაში მყოფ სამადაშვილს უთხრა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “მათი ხმები”. სამადაშვილი ამბობს, რომ ჯაფარიძეს ენმ-ის მხარდამჭერთა აზრი არ აინტერესებს და მოუწოდებს, საჯაროდ განმარტოს საკუთარი პოზიცია:

“ჩვენი პარტია არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც მრავალი წელია მხარს გვიჭერს და ის უმარავი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად გვიერთდება. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ვერ მოვითმენთ. ამიტომ გვინდა მივმართოთ “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა რამდენიმე დღის წინ. მან თქვა, რომ მისთვის საინტერესო არ არის ენმ-ის ამომრჩევლები და მხარდამჭერები რას ფიქრობენ. ამასთან, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის მათი აზრი და მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და თუ ბატონი ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ ეს შეცდომა იყო, მნიშვნელოვანია, მან თავად მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს და განმარტოს საკუთარი პოზიცია, თუ გნებავთ, ბოდიში მოიხადოს. ძალიან მნიშვნელოვანია, მან პირადად მიმართოს ენმ-ის მხარდამჭერებს და დაარწმუნოს ისინი, რომ შეცდა და რეალურად ამ ხალხის აზრი მისთვის მნიშვნელოვანია”,-ამბობს სამადაშვილი.

“გირჩის” ლიდერი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს და აცხადებს, რომ მას არ უთქვამს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების აზრი არ აინტერესებს. მეტიც, ჯაფარიძის მტკიცებით, გადაცემაში გააკრიტიკა პარტიის პრემიერობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული განცხადება და თქვა, რომ მისთვის საარჩევნო ხმებზე მნიშვნელოვანი სიმართლეა.

“არ მითქვამს, რომ ენმ-ის ამომრჩევლის ხმა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მათ შეუძლიათ ნახონ ეს ეთერი და ამაში თავადც დარწმუნდებიან. მე ვთქვი, რომ სიმართლის საუბარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები. ეს მოჰყვა საუბარს ჩემსა და სალომე სამადაშვილს შორის, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემი პასუხი სააკაშვილის ინტერვიუზე, სადაც მან შეურაცხყოფა მოგვაყენა და პარტუკები გვეძახა და ჩემი აზრით, რამდენიმე არასწორი გზავნილი ჰქონდა, რომელიც ყველასთვის დამაზიანებელი იყო, არასწორია და ნულამდე დაიყვანდა ენმ-ის მხარდამჭერთა ხმებს ჩემთან მიმართებაში. ამაზე ვუპასუხე, რომ ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები”, – ამბობს ჯაფარიძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა იყო სამადაშვილის დღევანდელი ბრიფინგის მიზანი და ხომ არ აპირებს პარტია საკუთარი კანდიდატი დააყენოს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ჯაფარიძე გვპასუხობს, რომ შეუძლებელი იყო მისი ნათქვამიდან ასეთი აზრი გამოეტანა ვინმეს, თუ მიზაზმიმართულად არ შეეცდებოდა აზრის დამახინჯებას:

“ვერ გეტყვით, არ ვიცი, რა იყო ამ ბრიფინგის მიზანი. ჩემი აზრით, შეუძლებელია იმ ჩემი საუბრიდან მაგ შინაარსის გამოტანა, თუ მიზანმიმართულად არ გინდა დაამახინჯო ჩემ მიერ გამოთქმული აზრი. ამის უკან რა დგას, ეს ქალბატონი სალომეს ინიციატივაა, ნაწყენია, გაბრაზებულია იმ ეთერზე და ამიტომ გააკეთა ეს, თუ ზოგადად “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა და საბაბს ეძებს პარტია, რომ დიდუბეში მაჟორიტარი დააყენოს, თითქოს ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, არ ვიცი. ამას დრო გვიჩვენებს, გამოჩნდება. [ენმ-ის მიერ საკუთარი შესაძლო კანდიდატის დაყენებაზე] ინფორმაცია არ მაქვს.”

როგორც ცნობილია, ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე/ჩუღურეთში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია.

https://www.facebook.com/mariam.bolkvadze1/posts/2954159238022576

ჩათვალე, რომ საჩუქრად დაგითმეთ ეს ოლქი – სამადაშვილი ჯაფარიძეს დიდუბეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი