ახალი ამბები

ჩათვალე, რომ საჩუქრად დაგითმეთ ეს ოლქი – სამადაშვილი ჯაფარიძეს დიდუბეზე

24 სექტემბერი, 2020 • 1477
ჩათვალე, რომ საჩუქრად დაგითმეთ ეს ოლქი – სამადაშვილი ჯაფარიძეს დიდუბეზე

„ჩათვალე, რომ დაგითმეთ ეს ოლქი“ – უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „გირჩის“ დამფუძნებელ ზურა ჯაფარიძეს კამათისას.

ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სხვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მსგავსად, მას კონკურენტი არ დაუყენა.

კამათი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის კითხვაზე ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ მოქალაქეების დაკვეთა არა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულება, არამედ ერთპარტიული/ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა. შემდეგ ჯაფარიძემ ისაუბრა პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ მაჟორიტარების საკითხზე შეთანხმება სხვაგვარად უნდა მომხდარიყო:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ პროპორციულად იყოს ასახული მოსახლეობის განწყობები, ეს 30 ოლქიც უნდა გაგვენაწილებინა პროპორციულად ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ენმ-ს“.

„მაგალითად, აგვეღო ბოლო კვლევები და პარტიებს რა რეიტინგი აქვთ, რაღაც შეწონილი პროცენტი გამოგვეყვანა და ამაზე დავლაგდებოდით“, – თქვა ჯაფარიძემ. მისი თქმითვე, ამაზე იყო ლეიბორისტების ოფისში საუბარი თვეების განმავლობაში და ყველა თანხმდებოდა, თუმცა:

„როგორც კი შეიცვალა რიტორიკა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო საუბარი, რომ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა და მთავარია, მეორე ტურში ერთმანეთთ დავუჭიროთ მხარი, მაშინ „გირჩი“ იყო პირველი, ვინც გამოხტა და დავიწყეთ ყვირილი, იმიტომ, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან პროპორციული გადანაწილების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეხვდებოდა 25 ოლქი, სადაც ახლა დააყენეს კანდიდატები. შეხვდებოდა ნახევარზე ნაკლები“.

სალომე სამადაშვილის კითხვაზე, თუ რატომ შეხვდებოდა მას 15-ზე ნაკლები ოლქი, ჯარაფიძემ უპასუხა: „რომ ნახოთ რეიტინგები, რომ დააჯამოთ, რომელიც გინდათ, მათ შორის თქვენი ჩატარებულიც რომ აიღოთ [ამას აჩვენებს]“. რაზეც სამადაშვილი ეუბნება:

„წინა არჩევნების შედეგებით რომ წავსულიყავით, შენ არ უნდა იყო დღეს მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. იმიტომ, რომ ეს არის საჩუქარი. ჩათვალე, რომ დაგითმეთ ეს ოლქი საჩუქრად“.

შემდეგ სამადაშვილმა კიდევ გაიმეორა, რომ ამ დათმობის გამო ჯაფარიძემ მადლობა უნდა გადაიხადოს, რაზეც „გირჩის“ კანდიდატმა უპასუხა:

„არანაირი დათმობა არ გაგიკეთებიათ… ამ სურათსაც არასწორად უყურებთ. ამ ქვეყნაში არსებობს გირჩის ძალიან ბევრი ამომრჩეველი, რომლებმაც სხვა ოლქებში თქვენს კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი. მაგრამ ამას სჭირდება ის, რომ სამართლიანად იქცეოდეთ… ტყუილად გგონიათ, რომ საჩუქარი მივიღე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი