ახალი ამბები

Ombudsman-თან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სახელმწიფოსა და მედიისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

24 სექტემბერი, 2020 • 1362
Ombudsman-თან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სახელმწიფოსა და მედიისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რელიგიის თავისუფელბის შესახებ 2020 წელს შემოუშავებული რეკომენდაციები წარადგინა. რეკომენდაციები მიმართულია სახელმწიფო უწყებებისა და მედიისადმი და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რელიგიის თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირებას
  • რელიგიის შესახებ კანონის ინიციატივას
  • დისკრიმინაციულ კანონმდებლობას
  • რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას
  • შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულს
  • რესტიტუციას
  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატს
  • ქონებრივ პრობლემებს
  • საზღვრის კვეთას
  • განათლებასა და მედიას.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს, კონსტიტუცია რელიგიასა
და სახელმწიფოს მიჯნავს და იცავს ყველა ადამიანის რწმენის, რელიგიის და სინდისის თავისუფლებას. თუმცა რელიგიური გაერთიანებების უფლებამოვალეობები და საქმიანობა დარეგულირებულია სხვადასხვა კანონით, სადაც არსებული გარკვეული დისკრიმინაციული ნორმები არადომინანტურ რელიგიური გაერთიანებებს, მართმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, უთანასწორო პირობებში აყენებს.

რელიგიათა საბჭოს განმარტებით, იმ სისტემური პრობლემების მიზეზი, რომლებსაც საქართველოში არადომინანტური რელიგიური ჯგუფები აწყდებიან, არის პოლიტიკური ნების
არარსებობა ან/და არასწორი, დისკრიმინაციული პოლიტიკა. საბჭოს ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა კანონმდებლობის მიღების სურვილი, რომელიც რელიგიური გაერთიანებების საქმიანობასა და მათ თავისუფლებას კიდევ უფრო შეზღუდავდა.

რელიგიათა საბჭო საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მიმართავს რეკომენდაციებით:

  • საკანონმდებლო პროცესში გათვალისწინებული და შეფასებული იყოს რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა რისკი, თანამდევი საფრთხეების გათვალისწინებით კი, რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღება არ დადგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში
  • საქართველოს პარლამენტმა იხელმძღვანელოს კონსტიტუციით დაცული რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებით და არ მოახდინოს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში იმგვარი ცვლილებების ინიცირება, რაც დამატებით რეგულირებასა და შეზღუდვას დაუწესებს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას. მათ შორის: 1.1. თავი შეიკავოს რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციის დეფინიციისგან; 1.2. თავი შეიკავოს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის დღეს მოქმედი წესის ცვლილებისაგან; 1.3. თავი შეიკავოს მშენებლობასთან და მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით დღეს მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებისაგან და რელიგიური ორგანიზაციებისათვის სპეციალური სამშენებლო რეგულაციების დაწესებისაგან.
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში არ შევიდეს ცვლილება, რომლითაც სასულიერო პირებისთვის გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის გადავადების უფლება;
  • კანონმდებელმა არ განსაზღვროს სასულიერო პირის ცნება.
  • გაიაზროს და მხედველობაში მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა და არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმა; გაითვალისწინოს სასამართლოს მსჯელობა რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით;
  • შეიცვალოს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად და სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე;
  • შეიცვალოს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და სახელმწიფო ქონების შეძენის უფლება თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე;
  • შეიცვალოს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების უფლება სასყიდლით და უსასყიდლოდ თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე;
  • შეიცვალოს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მეხუთე პუნქტი და ქონების გაცვლის უფლება თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე;
  • გაუქმდეს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული.
  • შეიცვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებდა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციას და მოხატვას. აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ხოლო ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა მასში ცვლილებები არ განახორციელა, ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა. ახალი ფორმულირების შემდეგ, უფლება თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე;
  • შეიცვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს მხოლოდ საპატრიარქოს, მის მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდებისას, თუ ისინი გამოიყენება რელიგიური მიზნით. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე;
  • შეიცვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლი, რომელიც მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს, რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგების დროს. ეს უფლება თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე;
  • საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ეკლესიის არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლები არ ითვალისწინებს სხვა რელიგიური გაერთიანებების გათავისუფლებას მიწის გადასახადისაგან, რაც უთანასწორობას ქმნის. რელიგიური ორგანიზაციების არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონების (მიწის) გადასახადისგან გათავისუფლება თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე;
  • ზემოხსენებულ მუხლებში არსებული ჩამონათვალი შეიცვალოს ნეიტრალური შინაარსის ტერმინოლოგიით, რომელიც თანაბრად გავრცელდება ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე. მაგალითად, „ეკლესია“ შეიცვალოს რელიგიური დანიშნულების ნაგებობით.
  • საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ეკლესიის მიერ საღვთისმსახურო პროდუქციის შემოტანა და მიწოდება გათავისუფლებულია გადასახადებისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლები არ ითვალისწინებს სხვა რელიგიური გაერთიანებების გათავისუფლებას რელიგიური დანიშნულების ნივთების იმპორტისა და ექსპორტის გადასახადისაგან. რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური დანიშნულებით განხორციელებული იმპორტი და ექსპორტი გათავისუფლდეს გადასახადისაგან და თანაბრად გავრცელდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე – როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე.
  • საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანოს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში, რომლითაც თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან თავისი პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება დისკრიმინაციად.
  • არ მიიღოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ კანონპროექტი.
  • პარლამენტმა დაიწყოს დისკუსია რელიგიათა საბჭოსთან, შრომის კოდექსში სხვა აღმსარებლობების რელიგიური დღესასწაულების უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ასევე, რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში საუბარია საგამოძიებო უწყებების მხრიდან რელიგიური სიძულვილის შემცველი დანაშაულისას შეუსაბამო კვალიფიკაციის მიცემაზეც. საბჭო განმარტავს, რომ მსგავსი შემთხვევები არცთუ ისე ხშირია, თუმცა არის გარკვეული მაგალითები, მაგალითად, იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილ დანაშაული კვალიფიცირდება როგორც ძალადობა და არა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებული შესაბამისი მუხლებით.

“სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მათ სათანადოდ არ იძიებენ, არ ხდება დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. როგორც წესი, იეჰოვას მოწმეებს საჯარო ადგილებში უამრავი მოწმის თანდასწრებით ესხმიან თავს. დაზარალებულები მიუთითებენ, რომ თავდასხმის ფაქტები იწერება გარე სათვალთვალო კამერებით. ხშირად დაზარალებულები თავად ასახელებენ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების სახელებს, თუმცა ეს პირები მაინც არ არიან პასუხისგებაში მიცემული”, – განმარტებულია საბჭოს რეკომენდაციებში.

ასევე განმარტებულია, რომ როგორც წესი, მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ. ეს სტატუსი კი გამოძიების საქმის მასალების გაცნობას შესაძლებელს გახდიდა, რითიც გაირკვეოდა, რამდენად ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანაშულის ჩამდენი პირის ვინაობის დასადგენად და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად.

საბჭო წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას, თუმცა აქვე განამრტავს, რომ ამ დეპარტამენტს საგამოძიება ფუნქცია არ აქვს.

რელიგიათა საბჭო შინაგან საქმეთა სამინსიტროს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმები სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით იქნას კვალიფიცირებული, რომლებიც ეხება სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს;
  • გონივრულ ვადაში და ეფექტურად ჩაატაროს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობის დადგენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით;
  • დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლს;
  • ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს მიენიჭოს საგამოძიებო ფუნქციები.

საბჭო ასევე მიმართავს გენერალურ პროკურატურას, გამოაქვეყნოს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკა წლების მიხედვით.

რეკომენდაციებში ასევე საუბრაია ვიტალი საფაროვის საქმეზეც, რომელიც 25 წლის ასაკში, 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა. მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

მისი მკვლელობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დამნაშავედ ცნო ორი პირი დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, თუმცა “არ ცნო დამნაშავედ ეროვნული შეუწყნარებლობის გამო მკვლელობაში”. ამჟამად კი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

საბჭო სააპელაციო სასამართლოს მიმართავს რეკომენდაციით, გაითვალისწინოს არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები ვიტალი საფაროვის მკვლელობისას ეროვნული (ანტისემიტური) შეუწყნარებლობის მოტივაციის შესახებ.

ასევე, საბჭო მიმართავს მთავრობას, შეაფასოს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მომდინარე რისკები და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მათ მიერ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებაზე.

საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში ასევე საუბარია რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზეც. საბჭო განმარტავს, რომ მთავრობა ამ მიმართულებით არ არის სამართლიანი. მაგალითად, მართმადიდებელი ეკლესიის გარდა ფინანსდება მხოლოდ 4 რელიგიური ორგანიზაცია: მუსლიმი თემი, იუდეური თემი, კათოლიკური ეკლესია და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

“ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება იწვევს დისკრიმინაციას. საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მთავრობა მხოლოდ ოთხ რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებით საუბრობს, მაშინ, როდესაც სხვა რელიგიური ორგანიზაციები და ჯგუფები (მათ შორის, ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, იეზიდები) ასევე იდევნებოდნენ. ბუნდოვანია, რა ლეგიტიმური მიზნების საფუძველზე გამოარჩია მთავრობამ მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაცია”, – განამრტებულია რეკომენდაციებში.

რელიგიური საბჭო მთავრობის მიმართ გასცემს რეკომენდაციას, შეცვალოს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა და ის დაუქვემდებაროს თანასწორობის, რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპებს.

ასევე, საბჭო საქართველოს პარლამენტის მიმართ გასცემს რეკომენდაციას, შევიდეს ცვლილება კანონში – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და მას დაემატოს პუნქტები, რომლებიც ბაგა-ბაღის სივრცეში რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებს დაარეგულირებს.

რელიგიური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში საუბარია მედიის მხირდან ქსენოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებში.

“რელიგიური შეუწყნრებლობისა და სიძულვლის ენის გავრცელების კონტექსტში, ერთი მხრივ, დასავლეთის დემონიზება, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის, როგორც დასავლეთის ალტერნატივის, პოზიტიურად წარმოჩენა ტენდენციის სახეს იძენს”, – განმარტებულია საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

საბჭო მედიასაშუალებებს მიმარათვს რეკომენდაციებით:

  • იზრუნოს ეთიკური ნორმებისა და თვითრეგულირების სტანდარტების მაქსიმალურ დანერგვაზე: თავიდან აირიდოს დაუსაბუთებელი, დისკრიმინაციული, სიძულვილისა და სტერეოტიპების შემცველი, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება და ანტიდასვლური პროპაგანდა.
  • ასევე, რელიგიათა საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვადასხვა კონფესიისა და ეთნიკური ჯგუფის უფრო ფართო და ეფექტიანი მონაწილეობა. ამავდროულად, არხმა უნდა უზრუნველყოს საჯარო მედიასივრცე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებისათვის, რათა მათ მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეთ.
  • საბჭო მიმართავს მაუწყებელს, მოამზადოს შემეცნებითი გადაცემები, რომლებიც რელიგიური ტოლერანტობის განვითარებას შეუწყობს ხელს და დემოკრატიულ გარემოში რელიგიური მრავალფეროვნების, ტრადიციებისა და რელიგიის თავისუფლების პრინციპების შესახებ საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს

აღნიშნული რეკომენდაციები გამოცემულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი