ახალი ამბები

შეინიშნება მღვდელმთავრების მხრიდან პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობა: რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია

24 სექტემბერი, 2020 • 1334
შეინიშნება მღვდელმთავრების მხრიდან პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობა: რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პოლიტიკურ ღონისძიებებზე დასწრებას ეხმაურება და აღნიშნულს მათ მიერ “პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას” უწოდებს. ასოციაციის სიტყვებით,  ეს ფაქტები “ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და შფოთს იწვევს”.

“გარდა ამისა, მრევლში რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესია მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რაც სრულიად ეწინააღმდეგება სახარებისეულ პრინციპებს და აბრკოლებს ადამიანებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასოციაცია მოუწოდებს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და წმინდა სინოდს, “მკაცრად განსაზღვრონ დაწვრილებითი განჩინება, რომელიც სასულიერო პირების, განსაკუთრებით ეპისკოპოსების, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აღკვეთს და ამით ეკლესიის სულიერ სახეს დაიცავს”.

დისკუსია აღნიშნული საკითხის გარშემო განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი იოანე დაესწრო ბაგრატის ტაძრის ეზოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთია მსგავსი ვიზიტებიდან ბოლო კვირების მანძილზე:

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებებს დაესწრნენ ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი, ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი და სხვები.

ამ ტენდენციაში პრობლემას ვერ ხედავს ვერც საპატრიარქო და ვერც მმართველი პარტია: მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, მიტროპოლიტ ანტონის თქმით, “ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას”. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ პარტიის ღონისძიებებზე მღვდელმთავრებს ისევე იწვევენ, როგორც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მაგალითად, ექიმებს.

მსგავს ღონისძიებებზე სასულიერო პირთა დასწრების საკითხი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა. ISFED-ს მიაჩნია, რომ იერარქებმა თავი უნდა შეიკავონ აღნიშნულისგან, ვინაიდან მათი ეს ქმედება, შესაძლოა, აღიქმებოდეს, როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა.

ვრცლად ამ თემაზე, წაიკითხეთ:

ილია II-ის “ჯადოსნური გავლენა” და პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ვიზიტები საპატრიარქოში

მასალების გადაბეჭდვის წესი