ახალი ამბები

ზუგდიდში ენმ, სავარაუდოდ, მალხაზ ჯალაღონიას წარადგენს

23 სექტემბერი, 2020 • 1244
ზუგდიდში ენმ, სავარაუდოდ, მალხაზ ჯალაღონიას წარადგენს

დღეს, 21 საათზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბლოკმა “ძალა ერთობაშია” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა წარადგინონ. ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად პარტია, სავარაუდოდ, დაასახელებს ზუგდიდელ ექიმ (თერაპევტი) მალხაზ ჯალაღონიას.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თავად ჯალაღონიას, მან გვითხრა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს. ჩვენს კითხვაზე, უარყოფდა თუ არა ამ ინფორმაციას, მალხაზ ჯალაღონია გვპასუხობს:

„არა, ვერ უარვყოფ და ვერ დავადასტურებ, იმიტომ, რომ მაინც წარდგენა იქნება, მე როგორც ვიცი – ცოტა გვიან. და წარდგენაზე იტყვიან“,  – გვითხრა მან და დაამატა, რომ თავად ის წარდგენას ვერ დაესწრება, რადგან იზოლაციაშია.

მანამდე მალხაზ ჯალაღონიას შესახებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა და ზუგდიდში ენმ-ის ორგანიზაციის ლიდერმა ანი წითლიძემ დაწერა და, სავარაუდოდ, სწორედ იმაზე მიანიშნა, რომ პარტია ზუგდიდში მას დაასახელებს.

ჩვენს კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ამ პოსტით, რომ ჯალაღონიას კანდიდატად წარადგენდნენ, წითლიძემ გვითხრა, რომ წარდგენას დავლოდებოდით, დეტალებზე კი ვერ ისაუბრებდა.

მანამდე ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია განიხილებოდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველთან” ენმ-ის წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა:

“ქალბატონ გიულისთან და სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით იქნება წარდგენა და, სავარაუდოდ, ის იქნება ზუგდიდის მაჟორიტარი” ,– თქვა ნაყოფიამ ტელეკომპანია “პირველთან”.

ვრცელებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ზუგდიდში განიხილებოდა ანზორ მელიას, ასევე ექიმის კანდიდატურა. ანზორ მელია ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას მამაა. მაშინ ანზორ მელიამ ნეტგაზეთთან უარყო, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა.

ზუგდიში მაჟორიტარული წესით ასევე კენჭს იყრიან:

ქართული ოცნება – ირაკლი ჩიქოვანი;
ლელო – ალექსანდრე ახვლედიანი;
ევროპული საქართველო – გიგი უგულავა;
პატრიოტთა ალიანსი – ოთარ ჭითანავა;
ქართული მარში – გიორგი გაბედავა;
თავისუფალი საქართველო – ზურაბ ჯინჯოლავა;
კონსერვატიული პარტია – გიორგი მორგოშია;

გირჩევთ:

გაიგე, ვინ არის შენს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი

მასალების გადაბეჭდვის წესი