ახალი ამბები

გვენეტაძის აზრით, “საარჩევნო აჟიოტაჟის” გადავლის შემდეგ ლარი დასტაბილურდება

23 სექტემბერი, 2020 • 1009
გვენეტაძის აზრით, “საარჩევნო აჟიოტაჟის” გადავლის შემდეგ ლარი დასტაბილურდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სებ-ის რეზერვებიდან სხვადასხვა ოდენობის დოლარის გაყიდვის მიზანი ბაზრისთვის დოლარის მიწოდებაა და არა ლარის გამყარება. მისივე აზრით, გაუფასურება “წინასაარჩევნო აჟიოტაჟს” უკავშირდება.

“ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა.

მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება”, – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

საქართველოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა რთულ პერიოდს გადის და “ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით – რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს – ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ.”

დღეს, 23 სექტემბერს, მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.25 ლარი, ერთი ევრო კი 3.83 ლარი ღირს. დღესვე, ეროვნული ბანკი სექტემბერში უკვე მესამედ გაყიდის 40 მლნ აშშ დოლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი