ახალი ამბები

თუ ახალი შემთხვევები 200-ის ფარგლებში დარჩება, ვფიქრობ, სწავლა 1 ოქტომბრიდან შენობებში განახლდება – ცერცვაძე

22 სექტემბერი, 2020 • 1258
თუ ახალი შემთხვევები 200-ის ფარგლებში დარჩება, ვფიქრობ, სწავლა 1 ოქტომბრიდან შენობებში განახლდება – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევები 200-ის ფარგლებში დარჩება, სასწავლო პროცესები პირველი ოქტომბრიდან შესაბამის შენობებში გაგრძელდება. ამის შესახებ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ვფიქრობ, თუ მდგომარეობა ისე დასტაბილურდება, რომ 200-ის ფარგლებში დარჩეს ინფიცირებულთა რაოდენობა, სკოლებში ის შეზღუდვა, რაც ამ ეტაპზეა, რომ 15 სექტემბერს არ დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ ვირუსი, როგორც ახლაა, ალბათ, შესაბამისი სტრუქტურები, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები განიხილავენ კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა მე მაინც სუბიექტურად მგონია, რომ ეს არ გახდება საჭირო”, – განაცხადა ცერცვაძემ

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა სწავლის გადადების შესახებ საუბარი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრებზე, ცერცვაძემ უპასუხა, რომ ჯერ ამის შესახებ საუბარი არ არის.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება საქართველოში 2 სექტემბრიდან დაიწყო. სწორედ ამ დღეს დაფიქსირდა ქვეყენაში კოვიდ-19-ის ყოველდღიური რეკორდული მაჩვენებელი – 38 დაინფიცირებული. მას შემდეგ 24 საათში ახალი შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად იმატებს. 12 სექტემბერს ქვეყანაში დადასტურებულის შემთხვევების ყოველდღიურმა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100-ს და 158-ს მიაღწია. დღეს, 22 სექტემბერს კი პირველად გადააჭარბა 200-ს და ბოლო 24 საათის განმავლობაში 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი