ახალი ამბები

არ ვითანამშრომლებთ „ოცნებასთან“, მხარს არ დავუჭერთ სააკაშვილის პრემიერობას – კაპანაძე

22 სექტემბერი, 2020 • 1316
არ ვითანამშრომლებთ „ოცნებასთან“, მხარს არ დავუჭერთ სააკაშვილის პრემიერობას – კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პარტია საარჩევნოდ ორ პოლიტიკურ ვალდებულებას იღებს: არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ და პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს.

22 სექტემბერს სერგი კაპანაძემ, რომელიც „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ პარტია იწყებს მოსახლეობაში ვალდებულებათა ბარათის დარიგებას, რაც მოიცავს იმ კონკრეტულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს „ევროპული საქართველო“.

კაპანაძის თანახმად, ამ ბარათთან ერთად, „ევროპული საქართველო“ იღებს ორ პოლიტიკურ ვალდებულებას:

„პირველი ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან” და მას არ შევუქმნით მთავრობას. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, რომ იგივე ტიპის ვალდებულება აიღონ“, – თქვა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმითვე, მეორე ვალდებულებით, „ევროპული საქართველო“ არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ეს არის დამატებითი პოლიტიკური ვალდებულება. ყველაზე მთავარი არის ცვლილებების გეგმაში არსებული ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის“, – განაცხადა მან.

რამდენიმე კვირის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულმა ოპოზიციურმა კოალიციამ, „ძალა ერთობაშია“, 2020 წლის არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

ამის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ სააკაშვილის პრემიერად წარდგენით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2012 წლამდე პერიოდისა და ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნება სურს“.

შემდგომი მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური – სააკაშვილი

2 ცვლილება, რასაც ენმ სააკაშვილის გაპრემიერებისთვის გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი