ახალი ამბები

2 ცვლილება, რასაც ენმ სააკაშვილის გაპრემიერებისთვის გეგმავს

7 სექტემბერი, 2020 • 2018
2 ცვლილება, რასაც ენმ სააკაშვილის გაპრემიერებისთვის გეგმავს

ოპოზიციურმა კოალიციამ “ძალა ერთობაშია” 2020 წლის არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

ენმ-ს ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს პრესკონფერენციაზე არ უთქვამს, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ აპირებს ოპოზიცია სააკაშვილის გაპრემიერებას, როცა ის არც საქართველოს მოქალაქეა და ამასთან, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუმცა, როგორც პარტიაში “ნეტგაზეთთან” განმარტავენ, ეს დაბრკოლება არ არის და ვითარებას შეცვლა ორი საკანონმდებლო აქტით არის შესაძლებელი.

“კონსტიტუცია იმპერატიულად ადგენს ორ ძირითად მოთხოვნას. პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქე რომც იყოს, ის არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც, ამჟამად, უკრაინის მოქალაქეა.

დემეტრაშვილის თქმით, უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილს სხვა მხრივაც უშლის ხელს: საარჩევნო კოდექსის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ შეუძლია.

“შესაძლებელია, ეს იყოს საერთო საფრთხე იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის აუკრძალავენ საქართველოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, თავისი რჩევებით, პროგრამით და ა.შ.” – აცხადებს ის.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე ნაფიქრი აქვთ და გამარჯვების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასაც გეგმავენ. მისი თქმით, სააკაშვილის მოქალაქეობისა და არც მისი სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი “მთავარი წინაღობა არ არის”.

“ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ამ არჩევნებში და მათ შორის, იმ ძალასთან დაკავშირებით, რომელმაც პრემიერ-მინისტრი უნდა წარადგინოს. საქართველოს კონსტიტუციით ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამიტომ, პარლამენტში არსებული განლაგება, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, საშუალებას მოგვცემს, რომ მივიღოთ ორი აქტი”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ლევან ბეჟაშვილი, ენმ-ს წევრი.

ბეჟაშვილის თანახმად, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში ცვლილება შევა ორგანულ კანონში მოქალაქეობის შესახებ, რომლის თანახმადაც “მანამდე და შემდგომ უმაღლეს თანამდებობებზე მყოფ პირებს, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მოქალაქეობა, ავტომატურად აღუდგებათ ის”. თანამდებობის პირებში მოიაზრებიან პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ბეჟაშვილის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიცია საკანონმდებლო გზით მოაგვარებს სააკაშვილის ნასამართლეობის საკითხსაც.

“…არის სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ იმავდროულად არის საერთაშორისო რეზოლუციები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ  დევნასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით პარლამენტი მიიღებს აქტს, დადგენილებას და მიხეილ სააკაშვილს სცნობს პოლიტდევნილად ამ ანგარიშებისა და რეზოლუციების საფუძველზე. უკვე ამის საფუძველზე მიღებული იქნება ამნისტიის შესახებ სისხლის სამართლებრივი აქტი, რომელიც გაათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან”, – ამბობს ის.

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი ფორმირების შემდეგ 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მხრიდან წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

კითხვაზე, მოასწრებენ თუ არა კანონმდებლები ზემოაღნიშნულ ვადებში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, ლევან ბეჟაშვილი პასუხობს, რომ ეს პრობლემა არ არის და დაჩქარებული წესით პროცესის დასრულება 1 კვირაშიც არის შესაძლებელი.

“საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებების მიღების ტემპებს თუ გადავხედავთ, არაერთხელ ყოფილა რომ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები 1 კვირის განმავლობაში ყოფილა მიღებული”, – აღნიშნავს ის.

ბეჟაშვილი სააკაშვილის მონაწილეობით “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, პროცესის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას, გამომდინარე სააკაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებებიდან, რომელთაც პარტია პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.

სააკაშვილის კანდიდატურა და გეგმები – გამოხმაურებები პოლიტიკური სპექტრიდან

მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელებას, ისევე როგორც საქართველოში დაბრუნების შესახებ მორიგ განცხადებას, სხვადასხვა შეფასება მოჰყვა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პარტია მიხელ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას კოალიციური მთავრობის პირობებში “ბრმად მხარს არ დაუჭერს”.

“პრემიერ-მინისტრი იქნება თუ მინისტრები, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იქნება პრინციპები, რაზეც ერთიანდება მთვრობა. ჩვენ ისე ბრმად, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ მთვრობა, სადაც ერთპიროვნული ან ერთპარტიული მმართველობა იქნება და მოწყვეტილი იქნება ხალხს, როგორც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი არის მოწყვეტილი, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ,”- განაცხადა ჭიაბერაშვილმა “რუსთავი2”-ის ეთერში.

მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა’ არეულობის გამოწვევას ცდილობს ქვეყანაში.

” “ნაციონალური მოძრაობის” გათვლა არის იმაზე, რომ სამართლის დარღვევით გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ არეულობა შეიქმნას, მოთხოვნები დადგეს, იქ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოიყვანონ, ვინც კიდევ დაკავშირებულია ამ მავნებლურ და სადისტურ სექტასთან,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელებას აქვს როგორც პლიუსები, ისე მინუსები. მისი თქმით, ან გზით “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალურად მობილიზებას ცდილობს.

” “ნაციონალური მოძრაობა” იმატებს საკუთარი წრიდან ხელჩაქნეულ ამომრჩეველს, იბრუნებს მათ.  მე არ ვარ მისი აპოლოგეტი, სააკაშვილის პრემიერობის გამოცხადებაში არის პლიუსებიც და მინუსებიც. მაგრამ ის, რომ 100-დან 100%-ს აიღებს მისი მომხრე ამომრჩევლებისა, მათ შორის, ხელჩაქნეულების, ეს აშკარაა.

აშკარაა ისიც, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობდა: “მივცე  მაინც ხმა ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას, სადაც ნაცმოძრაობაა, მაგრამ სხვა, ჩემთვის მიმზიდველი პოლიტიკური ჯგუფებიც შეიძლება იყვნენ?” სააკაშვილის გამოცხადება მათ ნაწილს დატოვებს ხუთიანის შემომხაზველად, ნაწილს ალბათ არ დატოვებს. მაგრამ ეს ხმები “ქართული ოცნებისკენ” კი არ მიდის, ისინი შემოხაზავენ ამ პირველს, ან მეორეს, ან მესამეს… ყველა ოპოზიციური პარტიაა”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

კოალიციამ “ძალა ერთობაშია” პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი