ახალი ამბები

გაბუნიას თქმით, ინფიცირებულთა ნაწილი აჭარაში ბინაზე მკურნალობს

22 სექტემბერი, 2020 • 551
გაბუნიას თქმით, ინფიცირებულთა ნაწილი აჭარაში ბინაზე მკურნალობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პირი მკურნალობას სახლში გადის. მისივე თქმით, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, ბინაზე მკურნალობის მოდელის დანერგვაზე მუშობენ. გაბუნია ასევე განმარტავს, რომ სახლში მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტში ვირუსი მსუბუქი ფორმით უნდა მიმდინარეობდეს, ამავე დროს, მას შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობებიც უნდა ჰქონდეს.

“აჭარაში უკვე მოხდა ისე, რომ პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ბინაზე უწევს მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი. ეს არის აპრობირებული მოდელი ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ იმ დეტალებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბინაზე ვმართოთ [ვირუსი]. რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ, ისე, რომ იყოს შესაფერისი საყოფაცხოვრებო პირობები, ანუ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, და არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი. კლინიკური სურათი და მდგომარეობის სიმძიმე იძლევა ხშირ შემთხვევაში იმის საშუალებას, რომ პაციენტი ბინაზე დარჩეს”, – ამბობს გაბუნია

თამარ გაბუნია ასევე ამბობს, რომ ვირუსის მართვა წარმატებით მიმდინარეობს სასტუმროებშიც, სადაც, მისი თქმით, ისეთი პაციენტები ხვდებიან, რომელთაც დაავდების “კეთილსაიმედო მიმდინარეობა” აქვთ. ამას გარდა, განსაზღვრულია პაციენტების ასაკიც 16-65 წლამდე.

“ისინი განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებენ, ამდენად, მათი მკურნალობა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს”, – ამბობს გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი