ახალი ამბები

კომპანიას ფიროსმანზე რამდენიმესართულიანი შენობის აშენება სურს

22 სექტემბერი, 2020 • 1842
კომპანიას ფიროსმანზე რამდენიმესართულიანი შენობის აშენება სურს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, „შპს კატევე დეველოპმენტს“ 5-სართულიანი საცხორევებელი სახლის აშენება უნდა. მანამდე ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი იდგა, რომლის დემონტაჟზეც თბილისის არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა უკვე გასცა. 

ამავე მშენებლობის პროექტზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებულია წინასწარი ესკიზიც, ანუ შენობის ვიზუალური მხარეც. საბჭოს რეკომენდაციით, უნდა „შემცირდეს საპროექტო ობიექტი სიმაღლეში, მოცულობები ერთმანეთისგან გამოიყოს სხვადასხვა მასალის გამოყენებით. მოწესრიგდეს გადახურვები“.

ფოტო: საპროექტო რენდერი

როგორც კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, დემონტაჟი ეხება ამ ტერიტორიაზე არსებულ 1-სართულიან საცხოვრებელ სახლს. მისი ხანდაზმულობა 130 წლამდეა, დრომ, მიწისძვრებმა და გრუნტის გაწყლიანებამ კი სახლი დააზიანა და ავარიული გახადა.

არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დემონტაჟის ნებართვის გაცემაზე თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ იმსჯელა. სხდომის შემდეგ კომპანიას მშენებლობის ვადა 2020 წლის ინავრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით განუსაზღვრა.  

ფიროსმანის 36 ახლა. ფოტო: ნეტგაზეთი

ფოტო: რენდერი

დემონტაჟზე ნებართვის გაცემა არ ნიშნავს, რომ კომპანიას უკვე შეუძლია მშენებლობის დაწყება. დემონტაჟზე ნებართვის მიღება და მშენებლობის ნებართვის გაცემა ორი სხვადასხვა პროცედურაა.

საქმე ის არის, რომ ახალი მშენებლობის დასაწყებად კომპანიამ რამდენიმე სტადია უნდა გაიაროს, მათ შორის შეათანხმოს ესკიზი, შეათანხმოს სრული პროექტი და უკვე შემდგომ აიღოს მშენებლობის ნებართვა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია აცხადებდა, რომ 2019 წელს ფიროსმანის ქუჩაზე 2-წლიანი რეაბილიტაციის პროექტის დაწყება იგეგმებოდა, რომლის ბიუჯეტიც 50 მლნ უნდა ყოფილიყო და სამუშაოები 2020-თვის დამთავრებულიყო. თუმცა,  გადაიდო.

მერიის გეგმის მიხედვით, ახალი ფიროსმანი ასეთი უნდა ყოფილიყო:

ფიროსმანზე რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც “ახალი ტფილისის“ ფარგლებში უნდა შედგეს, თბილისის განვითარების ფონდი უდგას სათავეში. ნეტგაზეთს უწყებაში ეუბნებიან, რომ ფიროსმანის ქუჩაზე შენობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, შესაბამისად:

“შენობების მდგომარეობიდან გამომდინარე, მცხოვრებელთათვის ამ შენობებში ცხოვრება საფრთხის შემცველია, სწორედ ამიტომ, პირველი რიგის სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობით არის გამოწვეული ის, რომ წელს არ იწყება ფიროსმანის ქუჩაზე პროექტის განხორციელებისთვის  გათვალისწინებული  შესაბამისი სამუშაოები“, – უთხრეს ნეტგაზეთს მაშინ ფონდში.

ვრცლად ნახეთ ნეტგაზეთის აქრივიდან:

22 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც კალაძემ დღეს დააანონსა

მასალების გადაბეჭდვის წესი