ახალი ამბები

ადვოკატი რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს

21 სექტემბერი, 2020 • 1226
ადვოკატი რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დღეს პროკურატურაში პირადი ტელეფონი ჩამოართვეს და დალუქეს.

ამის შესახებ რამიშვილმა პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, პროკურატურა იძიებს მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს ბაჩალიაშვილის საქმეში, კონკრეტულად კი, ე.წ. სატელიტის ფოტოების ნაწილს.

მიხეილ რამიშვილი ამ საკითხზე მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ამბობს, რომ ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას.

“მხოლოდ მოსამართლესთან მივცემთ ჩვენებას, ჩემი ტელეფონი დალუქეს და შესამოწმებლად მიაქვთ. რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს ტელეფონს ჩამომართმევენ და ალბათ ხვალ თავისუფლებასაც მიაყოლებენ, არ ვიცი”, – ამბობს რამიშვილი.

ადვოკატის თქმით, თუ რაიმეს არ “შექმნიან” მის ტელეფონში, გამოძიება ვერანაირ უკანონობას ვერ აღმოაჩენს. ის ფიქრობს, რომ გამოძიება ამ საქმიდან მის ჩამოშორებას ცდილობს.

“ძალიან არ უნდათ, მე ამ საქმეში ვიყო, რადგან ყოველდღე ვაწვდი ინფორმაციას, რომ აქ არანაირი თვითმკვლელობა არ ყოფილა და ის გოგო არის მოკლული, მოკლა სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხოებას”, – ამბობს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ასევე აცხადებს, რომ დღეს პროკურატურას გამოკითხვის ოქმი წარუდგინა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გარდაცვლილ პროგრამისტთან კავშირს ადასტურებს.

ადვოკატი ამბობს, რომ პირი, რომლის სახელს და გვარსაც არ ასახელებს, თამარ ბაჩალიაშვილს წლების წინ მეხსიერების ბარათებსა და გარკვეულ მითითებებს აძლევდა:

მე მოვედი, რომ დავეხმარო გამოძიებას და მოვიტანე ერთი გამოკითხვის ოქმი. ეს გამოკითხვის ოქმი თარიღდება 3 აგვისტოთი, როდესაც დამიკავშირდა სუს-ის [ყოფილი] თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს ამ ოქმში,როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. როგორ გადასცემდა წლების უკან ფლეშკებს და აძლევდა გარკვეულ მითითებებს”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების დოზა ასეულობით აღემატება ლეტალურ მაჩვენებლებს.

ამავე თემაზე

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი