ახალი ამბები

საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ პირებს ხვალიდან თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ

20 სექტემბერი, 2020 • 1631
საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ პირებს ხვალიდან თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ

ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 სექტემბრიდან ლიეტუვაში საქართველოდან ჩასულ პირებს 14 დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამასთან, ისინი ვალდებულები იქნებიან ლიეტუვის საზღვარზე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. იზოლაციის 14 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს სპეციალური ანკეტა, მიღებული დასტური კი QR კოდის საშუალებით წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს 10 დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა უწევთ ლატვიის რესპუბლიკაშიც. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 19 სექტემბრიდან შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი