ნეტგაზეთი | ფურცხვანიძემ ვერ დაასახელა პირის ვინაობა, ვისგანაც “სატელიტის ფოტოები” მიიღო – პროკურორი ფურცხვანიძემ ვერ დაასახელა პირის ვინაობა, ვისგანაც “სატელიტის ფოტოები” მიიღო – პროკურორი – Netgazeti
RU | GE  

ფურცხვანიძემ ვერ დაასახელა პირის ვინაობა, ვისგანაც “სატელიტის ფოტოები” მიიღო – პროკურორი

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხული დავით ფურცხვანიძე ვერ ასახელებს იმ კონკრეტული პირის ვინაობას, ვისგანაც “სატელიტის ფოტოები” მიიღო, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს გადასცა. ამის შესახებ გუმბერიძემ გუშინ, 19 სექტემბერს ფურცხვანიძის გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროკურორის განმარტებით დადასტურდა, რომ სწორედ ფურცხვანიძემ გადასცა მიხეილ რამიშვილს ფოტოსურათები, თუმცა გამოკითხვისას ფურხვანიძემ კონკრეტული პირი ვერ დაასახელა და თქვა, რომ ის ფოტოების გამომგზავნთან მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით კონტაქტობდა, სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები კი გამოძიებას ვერ მიაწოდა.

“ჩვენ მოვთხოვეთ კონრკეტული წყაროს დასახელება, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც არასდროს ჰყავს ნანახი პირადად და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში ჰქონდა კავშირი ამ პიროვნებასთან. თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები გამოძიებას ვერ დაუსახელა. [ფურცხვანიძემ] ბრძანა, რომ ეს ინფორმაცია [გამომგზავნის ვინაობა] შესაძლოა ჰქონდეს ტელეფონში, თუმცა ტელეფონიც რატომღაც ერთი კვირის წინ დაუზიანდა, შესაბამისად იქაც ვერ მოიძიებს ამ ინფორმაციას”, – განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორის თქმით, ფურცხვანიძემ ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი კვლევები თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნა. საქმე ეხება თამაზაშვილის მიერ 30 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მისი შვილის გარდაცვალება იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა.

რაც შეეხება ყარაბაღის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, პროკურორის განმარტებით, ფურცხვანიძემ გამოკითხვისას არაერთხელ თქვა, რომ ყარაბაღის შესახებ ინფორმაცია მას არ მიუწოდებია და “როგორც იცის, ეს ინფორმაცია თამაზაშვილმა დავით ქაშიაშვილისგან მიიღო”.

მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თავად დავით ფურცხვანიძემაც. მისი თქმით, მისი საკომუნიკაციო საშუალებები გამოძიებას აქვს:

“სრული იდენთიფიკაცია თუ უნდათ ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთანაა, იქ წერია ყველაფერი, სხვადსახვა რეკვიზიტები. მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი და თუ დეტალებიც არის საჭირო, ვთქვა დამატებითი საკომუნიკაციო საშუალებები ჩემი მობლური, ჩემი ლეპტოპი, პროცესორი და ა.შ აქვთ”, – განმარტა ფურცხავნიძემ.

18 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ოჯხასი ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პირი, ვისგანაც “სატელიტის ფოტოები” მიიღო დავით ფურცხვანიძეა. საუბარია ფოტოებზე, რომლის თანახმადაც გაუჩინარების მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ იყო, სადაც მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში იპოვეს.

ეს ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და ამძაფრებდა ეჭვს, რომ ბაჩალიაშვილი, შესაძლოა, მოეკლათ და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მიეტანათ პოვნის ადგილას.

პროკურატურამ ფოტოების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ “სატელიტის ფოტოები” “დილეტანტურად” იყო გაყალბებული.

მოგვიანებით რამიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ის ფურცხვანიძეს არ იცნობდა. ამასთან, რამიშვილის თმით ფურცხვანიძე მას თავად დაუკავშირდა, ოფისში მიაკითხა და “ბევრ თემაზე” ესაუბრა.

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი