ახალი ამბები

მინსკში ასობით მომიტინგე დააკავეს

19 სექტემბერი, 2020 • 632
მინსკში ასობით მომიტინგე დააკავეს

მინსკში ბელარუსის პოლიციამ ასობით მომიტინგე დააკავა, რომელებიც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, მინსკის ცენტრში 2000-მდე ადამიანი ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მსვლელობას მართავდა. მომიტინგეთა უმეტესობა ქალები არიან, რომლებსაც პოლიციამ გზა გადაუკეტა. მომიტინგე ქალები სკანდირებდნენ, რომ “ქალებს მხოლოდ მშიშრები სცემენ”.

დაკავებულთა შორისაა 73 წლის ოპოზიციონერი აქტივისტი ნინა ბაგინსკაია, რომელიც გასულ თვეში პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.

ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში დაიწყო 9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. არაერთი მსხვილი ქარხნის მუშები გაიფიცნენ, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს. 14 სექტემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა პუტინთან, რომელსაც მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით. პუტინმა ბელარუსის მთავრობის სამხედრო დახმარების მზადყოფნაც გამოთქვა.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს, ბელარუსის ოპოზიციის მსგავსად, არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი